"ქართული ოცნების" კიდევ ერთხელ არჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნას გეგმავენ. კობახიძე დარწმუნებულია, რომ მერის და საკრებულოს არჩევნებს "ოცნება" 64-ივე მუნიციპალიტეტში მოიგებს.
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის და ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები.
ჩვენ გვაქვს მკაფიო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის: დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სახელმწიფოებრივ ამოცანებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი - ორი ეროვნული, ქართული ოცნება: ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესაძლებლობა მოგვცა;
ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. გამთლიანებაში, ერთი მხრივ, ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის - მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა", - განაცხადა კობახიძემ.




























