ციფრული ბანკის „ჰეშის“ თანადამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ მარეგულირებლის მიერ გაცემული ლიცენზიის მიხედვით, ბანკმა მაისამდე რამდენიმე პროდუქტი უნდა გაუშვას.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ციფრულმა ბანკმა სებ-ის კაპიტალის შევსების შეღავათიანი პროცესი სთხოვა, თუმცა პაპაშვილი ამბობს, რომ ახლა კაპიტალის ერთიანად შევსება მოუწევთ.
„დათქმა იყო ლიცენზიაში, რომ რამდენიმე პროდუქტი მაისამდე უნდა გავუშვათ, რომ სრული ოპერირების საშუალება მოგვეცეს რეგულატორიდან. ამდენი ხანი კაპიტალის შევსების შეღავათიან პროცესს ვითხოვდით, მაგრამ 50 მილიონს ალბათ მაისში შევავსებთ“, - განაცხადა პაპაშვილმა.
ლაშა პაპაშვილმა ციფრული ბანკის ლიცენზიაზე განაცხადი საქართველოს ეროვნულ ბანკში 2022 წლის ბოლოს შეიტანა. „ჰეშ“ ბანკს მარეგულირებელმა ლიცენზია 2023 წლის 14 ნოემბერს მიანიჭა. ახალი ბანკის დამფუძნებლები ქართველი ბიზნესმენები ლაშა და სულხან პაპაშვილები არიან, მათთან ერთად, ბანკის 50%-ს ფლობს უკრაინელი ბიზნესმენი ვოლოდომირ ნოსოვიც, რომელიც კრიპტობირჟა WhiteBit-ის დამფუძნებელი და CEO-ა.