ხის სათამაშოებისა და ფუნქციური ავეჯის მწარმოებელ ქართულ კომპანია “გოგორა” ექსპორტზე გასასვლელად ემზადება, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნინო რაზმაძემ BM.GE-ის განუცხადა, მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან უკვე დაწყებულია.
“გერმანია, ინგლისი, აშშ - ეს ის ქვეყნებია, რომელთანაც აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. სამივე ქვეყანამ ნახა და დატესტა ჩვენი პროდუქტი და მოლაპარაკებები მათი ინიციატივით დავიწყეთ. ამჟამად ისინი ჩვენგან შეთავაზებულ ფასს ელოდებიან. ეს პროცესი მალე დასრულდება და უახლოეს ერთ წელიწადში ჩვენს პროდუქციას საზღვრებს გარეთ გავიტანთ”, - დასძინა მან.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანია თბილისის საწარმოს გაფართოებაზე მუშაობს, რომლისთვისაც 45 000 ლარის ინვესტიცია გამოიყო.
„აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით, რომელმაც 30 000 ლარი გამოყო, ძირითადი დანადგარები შევიძინეთ ჩვენი საწარმოსთვის, რომელიც თბილისში მდებარეობს, ხოლო ახლახან გავიმარჯვეთ USAID-ის კონკურსში UNDP პროექტიდან „ძლიერი ქალი ძლიერი იდეით“ და მალე წარმადობას მნიშვნელოვნად გავზრდით”, - ამბობს ის.
აღსანიშნავია ისიც, რომ “გოგორას” ძირითადი საწარმო აჭარაში, კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გუნდაურში ექსპლოატაციაში შევიდა და სექტემბრიდან უკვე დაიწყო სატესტო რეჟიმში მუშაობა. საწარმო ენერგოეფექტურია და მწვანე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ამ საწარმოს მთავარი პროდუქტი ქართული ფოლკ-სათამაშოები და მონტესორის სამუშაო მასალები იქნება.
“ჩვენი წარმოების პროცესი ისე არის აწყობილი, რომ მინიმალური ძალისხმევით ვამატებთ ახალ პროდუქტებს და მაქსიმალურად ვერგებით მომხმარებლის საჭიროებას, აჭარისა და თბილისის საწარმოები დაგვეხმარება მნიშვნელოვნად გავზარდოთ წარმადობა და ბაზარზე მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ”, - განაცხადა ნინო რაზმაძემ.
კომპანია "გოგორა" 2021 წელს დაფუძნდა. თბილისის საწარმოში ამჟამად 6 ადამიანი, ხოლო აჭარის საწარმოში 3 თანამშრომელია დასაქმებული, მიმდინარეობს თანამშრომლების შერჩევა და ეს რიცხვი, სავარაუდოდ, 12-მდე გაიზრდება.”გოგორას” პროდუქცია კომპანიის ვებგვერდზე და კონცეპტუალური მაღაზია „პატარა ბაზარში“ იყიდება, წარმადობის ზრდასთან ერთად იგეგმება სხვადასხვა ქსელებთან თანამშრომლობაც. პროდუქტის ფასები მერყეობს 80 ლარიდან 500 ლარამდე, სათამაშოების ხაზის დამატების შემდეგ, მათი ფასები 10 ლარიდან 200 ლარამდე იქნება.