გასული თვეებისგან განსხვავებით, მაისში ფეროშენადნობების დარგში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. საქსტატის ცნობით, მაისში დამმუშავებელი მრეწველობის დარგში ზრდა დაფიქსირდა, რაც მათ შორის, ფეროშენადნობების ექსპორტის დაახლოებით 7.5%-იან მატებას უკავშირდება.
როგორც ფეროშენადნობთა ასოციაციაში აცხადებენ, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასის შემცირების, ასევე გლობალურ ბაზარზე პროდუქციაზე ფასების ზრდის ფონზე, რამდენიმე მცირე საწარმომ მუშაობა განაახლა.
თუმცა როგორც ასოციაციის თავმჯდომარე BMG-სთან აცხადებს, ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირება ფეროშენადნობების სექტორზე ნეგატიურად აისახა, რადგან ირანიდან ნედლეულის შემოტანა შეფერხდა.
„როგორც კი საქართველოში იაფი ელექტროენერგია გამოჩნდა, იმავე მომენტში მეტი მოცულობების შექმნა დაიწყეს საწარმოებმა. ასევე, რამდენიმე საწარმომ მუშაობა განაახლა და შესაბამისად, ამან გამოიწვია [ექსპორტის] 7.5%-იანი ზრდა. ირანში და ისრაელში ეს მოვლენები რომ არ განვითარებულიყო, ზუსტად ვიცი, რომ კიდევ რამდენიმე საწარმო ჩაირთვებოდა. ირანიდან ნედლეულის შესყიდვაზე იყო საუბარი და ამ ფაქტორებმა ხელი შეუშალა რამდენიმე საწარმოს. ახლა ახალი დასრულებულია ეს კონფლიქტი და ალბათ განახლდება [ნედლეულის მოწოდება].
ზოგადად დარგში გაუარესება ნამდვილად არ არის, უკეთესი მდგომარეობაა. საერთაშორისო ბაზარზე ფასის ოდნავი მატებაა ფასი 1200-დან 1250 დოლარამდე მერყეობს. თვითღირებულების კლებაც ფიქსირდება. ისევ და ისევ ვამბობ, თუ დასტაბილურდება მსოფლიოში მდგომარეობა, ეს ჩვენი დარგისთვის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.




























