საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ბიზნესისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტია. მისივე თქმით, არსებობს სექტორები, სადაც ეს პრობლემები პერმანენტულად დგას.
"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკის 70%-ზე მეტს წარმოადგენს, 2019 წლის დეკემბრის თვიდან აწარმოებს BAG ინდექსს, რომელიც სამი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. პირველი არის ბიზნესის კლიმატი, თუ როგორი კლიმატია ქვეყანაში და როგორი მოლოდინებია ამ კუთხით. ასევე ვადგენთ დასაქმების ბარომეტრს და ინვესტიციების კვლევას. ამ სამ კომპონენტთან ერთად, ბიზნესმენებს, ჩვენს წევრებს ყოველთვის ვეკითხებით, რა არის ის შემაფერხებელი ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლით მათ ყოველდღიურად ბიზნეს ოპერაციების წარმოებაში. ძველად, წლების განმავლობაში ეს პრობლემები იყო ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბიუროკრატიული ბარიერები და სხვა.
და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბოლო სამი წელია, პერმანენტულად სახელდება ორი ყველაზე მწვავე პრობლემა: ეს არის სამუშაო ძალის დეფიციტი და ეს არის კვალიფიციური კადრების პრობლემა. სამუშაო ძალის დეფიციტზე გეტყვით, რომ მე შემიძლია კიდევაც რამდენიმე სექტორი დავასახელო, სადაც არის ქრონიკული დეფიციტი სამუშაო ძალის, დაახლოებით 20-22%-ის ფარგლებში, ეს დამოკიდებულია ასევე სეზონურ ფაქტორებზეც, ზოგჯერ ეს მაჩვენებელი იწევს ზემოთ და ზოგჯერ ქვემოთკენ. და კიდევ უფრო მეტი პრობლემაა კვალიფიციური კადრების კუთხით.
ეკონომიკური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში არის სტრუქტურული უმუშევრობა, ანუ ერთის მხრივ ბიზნესს აქვს მოთხოვნა კონკრეტულ უნარ-ჩვევებზე, მაგრამ იმ მუშახელს, რომელიც მაძიებელი არის სამსახურის, ეს უნარები არ გააჩნია", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
BAG-ის პრეზიდენტმა შრომითი ბაზრის გამოწვევებზე ასოციაციასა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
კერძოდ, მერიასა და BAG-ს შორის თანამშრომლობა დედაქალაქის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის "ისწავლე და დასაქმდი"გაფართოებას შეეხება. მიმდინარე წელს პროგრამა 2 000-მდე თბილისელს 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს სრულიად უფასოდ სთავაზობს. თანამშრომლობის მიზანი კი შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ძალის დეფიციტის აღმოფხვრა და კადრების ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მომზადებაა.
"ვიცით, რომ 15 000-მა ადამიანმა უკვე გაიარა ეს პროგრამა და [დასაქმების] 75%-იანი მაჩვენებელი ძალიან დიდი კოეფიციენტია, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ფენომენალური და კარგი შედეგია იმ პროგრამებს შორის, რაც საჯარო სივრცეში განხორციელებულა. ჩვენი აზრით, მთავარი როს გამოც არის ეს პროგრამა წარმატებული და რატომ გვაქვს ახლა ეს შედეგი, არის ის, რომ ქალაქ თბილისის მერია ეკითხება ბიზნესს, რა სპეციალობებზე, რა პროფესიებზე არის მოთხოვნა და ამის მიხედვით ხდება ადამიანების გადამზადება. ძალიან პრაგმატული პროგრამაა და ძალიან ღირებული და ფასეულია ამ კუთხით.
გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი, როგორ უნდა თანამშრომლობდეს სახელმწიფო კერძო სექტორთან და გვინდა, რომ ძალიან ბევრი პროექტი ვნახოთ. ამ შემთხვევაში აღვნიშნავ, რომ წარმატება მიიღწევა იმიტომ, რომ მუნიციპალიტეტი უსმენს ბიზნესს და მერე თქვენ უკვე ასიგნებებს, თანხებს გამოყოფთ და მიმართავთ იმ მიმართულებით, სადაც ეს ყველაზე უფრო მეტად გვჭირდება. როგორც ვიცით, წელს იგეგმება ბიუჯეტის ზრდა, ასევე იგეგმება პროგრამების გაფართოება, რაც გვაძლევს იმის იმედს და რწმენას, რომ უფრო მეტი ვაკანსიები შეივსება კვალიფიციური კადრებით", - აცხადებს სოსო ფხაკაძე.
ცნობისთვის, პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი" გაზაფხულის სემესტრის ფარგლებში მონაწილეთა მიღებას იწყებს. რეგისტრაციის პროცესი 17 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამაში 2026 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კერძოდ, მონაწილეობის მინიმალური ასაკი 18-დან 16 წლამდე შემცირდა.




























