პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ეკონომიკის განვითარების ბანკის" დაფუძნების მიზანს წარმოადგენს რამდენიმე ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის შერწყმა, რომელიც ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაზე არის ორიენტირებული. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საუბარია ეკონომიკის სამინისტროს პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში" და ყოფილი საპარტნიორო ფონდის - "საქართველოს განვითარების ფონდის" შერწყმაზე.
“აწარმოე საქართველოში სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ჩვენ ვფიქრობთ რამდენიმე სხვადასხვა ინსტიტუციის შერწყმას, რათა ეფექტიანობა გაიზარდოს. ესაა ძირითადი მიზანი. ეს არ იქნება კლასიკური ბანკი. საუბარია რამდენიმე ინსტიტუციის შერწყმაზე, რათა ამ ოპტიმიზაციით გაიზარდოს ეფექტიანობის ხარისხი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღესვე "ეკონომიკის განვითარების ბანკის" შესახებ BMG-ის კითხვას უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი ფინანსური ინსტიტუტი იქმნება იმ პირობით რომ ის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ახალ ფისკალურ რისკებს არ შექმნის. შესაბამისად, მას არ ექნება ისეთი ფუნქციები, რომლებიც ცალ-ცალკე "აწარმოე საქართველოში"-ს და "საქართველოს განვითარების ფონდს" არ აქვს.
"ამ მიმართულებით მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, რაზეც შეთანხმებულები ვართ, ამ ნაწილში, ამ ბანკმა არ უნდა შექმნას ფისკალური რისკები, არ უნდა იყოს დამოკიდებული ბიუჯეტზე, გარდა იმ პროგრამებისა, რომელიც უკვე არსებობს (აწარმოე საქართველოში, მხარდაჭერის პროგრამები). სხვა შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს ბიუჯეტზე დამოკიდებული ორგანიზაცია და არ უნდა იყოს ფისკალური რისკი ქვეყნისთვის. ეს არის მთავარი პრინციპი, რაზეც შეთანხმებულები ვართ. ამის შემდეგ უკვე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს დეტალებზე,"- აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.
4 მარტს საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის", ანუ ყოფილი "საპარტნიორო ფონდის" ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა. პარლამენტში, ჯერჯერობით, არ დაინიციირებულა კანონპროექტი, რომელიც "ეკონომიკის განვითარების ბანკის" ოპერირების წესებს განსაზღვრავს.




























