მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რამდენიმე თვეში გარკვეული პროდუქცია გაძვირდება“ - გეოპოლიტიკური ცვლილებების გავლენა სამშენებლო მასალების სექტორზე

სამშენებლო

რუსეთ-უკრაინის ომის გამო სატრანსპორტო მარშრუტის ცვლილების გავლენით ლოგისტიკის გაძვირების შემდეგ, სამშენებლო მასალების სექტორისთვის კიდევ ერთ გამოწვევად წითელი ზღვის კრიზისი იქცა.

სავაჭრო გემებზე, ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ, სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, 6000 მილით გაზრდილი მარშრუტი კი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას აძვირებს.

სამშენებლო მასალების კლასტერის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიებს უწევთ მეტი გადაიხადონ ტვირთის ტრანსპორტირებაში, შეცვალონ მარშრუტი, რაც ბუნებრივია საბოლოო პროდუქტის ფასზე აისახება. მარიამ ცაიშვილი კონკრეტულად არ ამბობს, რამდენით შეიძლება გაიზარდოს ფასი სამშენებლო მასალებზე, თუმცა კომპანიებზე დაყრდნობით აცხადება, რომ მარაგების ამოწურვის შემდეგ გარკვეული პროდუქცია გაძვირდება.

„გეოპოლიტიკურ ცვლილებებს დიდი გავლენა აქვს სამშენებლო მასალების სექტორზე. მასალების დიდი წილი ჩვენს ქვეყანაში იმპორტირებულია. რიგ შემთხვევაში კომპანიებს უწევთ ახალი მომწოდებელი იპოვონ, ქვეყანა ჩაანაცვლონ, ან მეტი გადაიხადონ ტრანსპორტირებაში, შეცვალონ მარშრუტი, რაც შემდგომ ფასზეც აისახება და საბოლოოდ მყიდველს უწევს მეტი თანხის გადახდა ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას.

ჩვენი წევრი კომპანიები ყველა აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ მარაგები წინასწარ აქვთ და მუშაობენ ალტერნატიულ მწარმოებლებთან, მომწოდებლებთან. საფასო პოლიტიკაში უკვე შეიმჩნევა ცვლილებები. ბევრი კომპანია ამბობს, რომ რამდენიმე თვეში გარკვეული პროდუქცია აუცილებლად გაძვირდება“,- აცხადებს "რედაქტ2"-თან ინტერვიუში მარიამ ცაიშვილი.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, მხოლოდ 2024 წლის იანვარში სამშენებლო მასალები წლიურად 3,3%-ით არის გაძვირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები