28 თებერვლიდან მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, მარტის განმავლობაში საქართველოში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ბარელი ნავთობის ფასი თებერვალში არსებული 67 დოლარიდან ამჟამად 109 დოლარამდე გაიზარდა, რაც 63%-იანი გაძვირებაა, ხოლო ერთი ტონა საწვავის Platts-ის ფასმა რაც ომამდე 686 დოლარის ფარგლებში იყო, ახლა 1020 დოლარს აჭარბებს, რაც 48%-იანი გაძვირებაა. თუმცა ჯერჯერობით ფასის მატების სრული მასშტაბი საქართველოს ნავთობიმპორტიორებს სარეალიზაციო ფასებზე ჯერ არ აუსახავთ, რაც ჯერ კიდევ თებერვალში შესყიდული მარაგების მოხმარებას უკავშირდება. თუმცა, მას შემდეგ რაც კომპანიები მარაგებს განაახლებენ, სამომხმარებლო ფასები მაღალი ალბათობით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
სამომხმარებლო ფასების ცვლილება ომის დაწყების შემდეგ
- სუპერი: 3.82 - 3.93 ₾; გაძვირება 27 - 40 თეთრი; გაძვირება პროცენტულად 8% - 11%
- პრემიუმი: 3.49 - 3.53 ₾; გაძვირება 34 - 46 თეთრი; გაძვირება პროცენტულად 11% - 15%
- ევრო რეგულარი: 3.34 - 3.39 ₾; გაძვირება 30 - 45 თეთრი; გაძვირება პროცენტულად 10% - 15%
- ევრო დიზელი: 3.65 - 3.87 ₾; გაძვირება 52 - 74 თეთრი; გაძვირება პროცენტულად 16% - 24%
- დიზელ ენერჯი / ეკო დიზელი: 3.72 - 3.82 ₾; გაძვირება 69 თეთრი; გაძვირება პროცენტულად 22% - 23%
ფასი გაიზარდა არამხოლოდ საცალო მომხმარებლებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის მისაწოდებელ ნავთობპროდუქტებზეც, 2026 წლის აპრილში ნავთობკომპანიები მთავრობას საწვავს შემდეგ ფასად მიაწვდიან:
- ევრორეგულარი: მარტის ფასი 2.26 ₾ → აპრილის ფასი 2.96 ₾ (მატება: +70 თეთრი, ზრდა: 31%)
- პრემიუმი: მარტის ფასი 2.28 ₾ → აპრილის ფასი 2.99 ₾ (მატება: +71 თეთრი, ზრდა: 31%)
- სუპერი: მარტის ფასი 2.56 ₾ → აპრილის ფასი 3.29 ₾ (მატება: +73 თეთრი, ზრდა: 28.5%)




























