მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენმა კომპანიამ ისარგებლა საკრედიტო-საგარანტიო სქემით? - სტატისტიკა

6182b14251838
დავით ჯალაღონია
03.11.21 22:39
674
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამის საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, 2020 წლიდან დღემდე საბანკო გარანტიით 234-მა კომპანიამ ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-მ სააგენტოდან გამოითხოვა.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გულისხმობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. სწორედ ამიტომ პროგრამაში სახელმწიფო ფინანსური გარანტიით იღებს მონაწილეობას.

სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ საგარანტიო სქემის მუშაობის განმავლობაში ბენეფიციარების დეპოზიტებზე ფინანსური გარანტიის სახით 57 მლნ 554 ათას 685 ლარი გადაირიცხა. აქედან, სულ 11 ბიზნეს სუბიექტია ისეთი, რომელთა ფინანსური გარანტია სახელმწიფოს მხრიდან, მილიონ ლარს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის საბიუჯეტო გეგმის შესრულების მაჩვენებელი, "აწარმოე საქართველოს" სხვა პროგრამებთან შედარებით დაბალია. მიმდინარე წლის 9 თვეში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ 500 ათასი ლარის დახარჯვა იყო დაგეგმილი, თუმცა თანხის 42.7%-ის ათვისება მოხერხდა.

გეგმასთან ჩამორჩენის მიზეზებთან დაკავშირებით BMG-მ სააგენტოს კითხვით მიმართა და განმარტებების სახით, წერილობითი პასუხი მიიღო.

"ვინაიდან პროგრამა ახალი ამოქმედებული იყო, 2021 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები აგვისტოს ჩათვლით გადანაწილებული იყო საფინანსო ინსტიტუტებს შორის საკრედიტო პორტფელების შესაბამისად. ბანკებს შორის ნაწილმა დაბალი აქტიურობის გამო ვერ აითვისა მისთვის გამოყოფილი ლიმიტი, ხოლო ნაწილის მაღალი აქტიურობის გამო მე-2 კვარტლის ბოლოს ამოიწურა მისთვის გამოყოფილი რესურსი. შედეგად, შეფერხდა პროგრამაში აქტიურად ჩართული ბანკების მიერ კრედიტების გაცემა და შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების ათვისების პროცესი. პრობლემის რაციონალურად გადაწყვეტის მიზნით 2021 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა ცვლილება პროგრამის ასიგნებების განაწილების წესში, რის შედეგადაც წლის ბოლომდე მოხდება გამოყოფილი ბიუჯეტის დროული ათვისება", - განმარტავენ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები