მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენს ხარჯავენ ჩინელი და ინდოელი ტურისტები საშუალოდ ერთ ვიზიტზე?

ინდოელი ტურისტები

2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში 128 ათასი ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 44%-ს შეადგენს. საქსტატის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა შარშან ჯამში 220 მლნ ლარი დახარჯეს, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 718 ლარის ფარგლებში იყო.

ქართული ტურიზმისთვის ჩინეთთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარი ინდოეთია. 2025 წელს ინდოეთიდან ჯამში 142.5 ვიზიტი შედგა, წლიურად ზრდა აქ 15%-ს შეადგენს. ინდოეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ჯამში 290 მლნ ლარი დახარჯეს, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2,034.5 ლარი იყო. საქსტატის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2024 წელთან შედარებით როგორც ჩინელი, ისე ინდოელი ვიზიტორების დანახარჯები შემცირებულია. ასე მაგალითად თუ 2024 წელს ვიზიტზე საშუალო ხარჯი ჩინეთის შემთხვევაში 2,917.9 ლარი იყო, შარშან 1,718.4 ლარამდე შემცირდა. ინდოეთის შემთხვევაში კი ხარჯები 3,733 ლარიდან 2,034.5 ლარამდე არის შემცირებული.

2025 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 4.7 მილიარდ მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმის სექტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში გაწულ წლებში 7%-ს აღემატებოდა. თუმცა რეალური არაპირდაპირი სარგებელი ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების გაცილებით დიდია. Galt&Taggart-ის შეფასებით, 2025 წელს ტურიზმის კონტრიბუცია ეკონომიკაში 14% იყო.

18%-იანი კლების მიუხედავად, შარშან ყველაზე მეტი 694 მლნ დოლარი ისევ რუსებმა დახარჯეს. მცირედი კლებაა თურქეთიდან და ხარჯები 606 მლნ დოლარს შეადგენს, 34%-იანი ზრდაა ისრაელელი ვიზიტორების ხარჯებში და 586 მლნ დოლარია, 33%-იანი ზრდა ფიქსირდება აზერბაიჯანთან და 223 მლნ დოლარს შეადგენს. სომხეთიდან დანახარჯები კი 8%-ით გაიზარდა და 169 მლნ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ევროკავშირს, საიდანაც როგორც წესი, ტურისტები უფრო მეტს ხარჯავენ, შემოსავლები კი იზრდება, თუმცა მისი წილი დაბალია. ასე მაგალითად შარშან ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების დანახარჯები წლიურად 16%-ით 660 მლნ დოლარამდე გაიზარდა. რაც ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი დაახლოებით 1321 დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები