მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენს ხარჯავენ ქართული კომპანიები Facebook და Instagram რეკლამაში?

62a9f0ab48fa6
სალომე მეცხვარიშვილი
16.06.22 00:18
1182
მცირე კომპანიებისთვის ფასების ზრდის მიუხედავად, სოციალურ ქსელებში რეკლამაზე მოთხოვნა იზრდება - ამის შესახებ კომპანია Influencer.ge-ს დამფუძნებელი ნინო პერტენავა აცხადებს.

როგორც ის “საქმის კურსთან” ამბობს, დღეს საქართველოში სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტად არეკლამებენ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა საოჯახო ნივთები, აქსესუარები, სამკაულები და ა.შ. მისივე თქმით, სწორად დაგეგმილი რეკლამის შემთხვევაში სამიზნე აუდიტორიის 1% ან მეტი, რეალურად ყიდულობს პროდუქციას, ამიტომ რეკლამა სოციალურ ქსელებში უფროდაუფრო პოპულარული ხდება.

"პატარა კომპანიები ყოველთვიურად საშუალოდ 200-400-დოლარამდე ხარჯავენ, დიდი კომპანიების თანხები კი შეიძლება თვეში 3 ათას დოლარსაც აღწევდეს", - აცხადებს ნინო პერტენავა. 

რაც შეეხება რეკლამების გაძვირებას მცირე კომპანიებისთვის - ამის მიზეზი გასულ წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იბეგრებიან. საუბარია ისეთ ბიზნესებზე, როგორებიცაა BOOKING.COM, FACEBOOK, INSTAGRAM და ა.შ. ისინი საქართველოში დამატებული ღირებულების გადასახადს ანუ 18%-ს იხდიან. ეს მაშინ ხდება, როცა მომსახურებას უწევენ კომპანიას, რომელიც დღგ-ის გადამხდელი არ არის, შესაბამისად, აქ ძირითადად მცირე მეწარმეები და ფიზიკური პირები მოიაზრებიან.

Influencer.ge-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ არსებული დათქმებიდან გამომდინარე მომსახურება გაუძვირდათ ძირითადად მცირე კომპანიებს, რომლებსაც ისედაც შეზღუდული რესურსი აქვთ. მიუხედავად ამისა, ნინო პერტენავა აღნიშნავს, რომ მოთხოვნა რეკლამაზე არათუ მცირდება, პირიქით.

“გასულ წელს ძალაში შესული ცვლილებები მცირე ბიზნესისთვის უფრო დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, ვინაიდან ეს გადასახადი მათ უფრო დააწვათ. მაგალითად შპს-ები, რომლებიც დღგ-ის იხდიან, ისინი ითვლიან ამ თანხას და გაცილებით მარტივად არის საქმე. 

თუმცა ამის პარალელურად უფროდაუფრო მეტი კომპანია გადადის ონლაინგაყიდვებზე, შესაბამისად, მოთხოვნა არ იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ ფასი გაძვირდა, უბრალოდ, მცირე კომპანიებს უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს”, - აცხადებს ნინო პერტენავა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი მოთხოვნა მაინც არის “ფეისბუქსა” და “ინსტაგრამზე”, თუმცა ორივე ქსელი სხვადასხვა სეგმენტზეა მიმართული - "ინსტაგრამში" ძირითადად ახალგაზრდებზეა აქცენტი, "ფეისბუქში" კი უფრო ასაკოვან ადამიანებზე.

შეგახსენებთ, რომ Influencer.ge კომპანიაა, რომელიც ბრენდებსა და სოციალურ ქსელებში ცნობილ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და მარკეტინგულ საქმიანობაში ეხმარება როგორც მსხვილ, ასევე მცირე კომპანიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები