მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამიშვილის ჩვენებით, ლილუაშვილის მიწოდებულ „ქოლ-ცენტრების“ მისამართებზე ფინანსურ პოლიციას ადგილზე არაფერი ხვდებოდა - პროკურორი

ლილუაშვილი

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე სუსის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ფინანსური პოლიციის ყოფილმა შეფმა, სოსო რამიშვილმა ჩვენება მისცა. დახურული სასამართლო სხდომიდან აღნიშნული ინფორმაცია საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა გამოიტანა.

პროკურორის განცხადებით, სოსო რამიშვილი ამტკიცებს, რომ სუსის ყოფილი შეფი მას აძლევდა ინფორმაციას ე.წ. ქოლ-ცენტრების მისამართების შესახებ, თუმცა კონკრეტულ ტერიტორიაზე მისულ ფინანსურ პოლიციას, ადგილზე არაფერი ხვდებოდა: "შეინიშნებოდა ტერიტორიაზე ისეთი რამ, რომ დიდი ხნის განმავლობაში არავინ იყო ნამყოფი - ან ხდებოდა გარკვეული ტექნიკის ამოღება, საიდანაც პრაქტიკულად არანაირი ინფორმაციის იდენტიფიცირება არ ხდებოდა".

„პირველების“ კითხვაზე „ანუ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა გრიგოლ ლილუაშვილი სოსო რამიშვილს?“ პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა:

„ამ ყველაფერს სხვა მტკიცებულებებთან ერთად მიეცემა შეფასება და უკვე ეს დასკვნითი სიტყვის ფორმატში იქნება წარმოდგენილი. მას სამსახურეობრივი შემხებლობა ჰქონდა გრიგოლ ლილუაშვილთან. ეს ადამიანი დღეს დაიკითხა იმისთვის, რომ გარკვეული დეტალები დადგენილიყო. ამ მოწმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რაიმე გარემოება გამოკვეთილი არ არის, რომ რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობას შეესწრო ან ერთობლივად ეწეოდნენ. აქ საუბარი არის უწყებრივად ამ კატეგორიის დანაშაულებზე კოორდინაცია როგორ ხდებოდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და სუსს შორის. ვინაიდან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ამ ადამიანს გრიგოლ ლილუაშვილთან, მის ყოველდღიურობაზე საქმიანობასთან დაკავშირებით, მან ამის შესახებ სასამართლოზე ისაუბრა.

საწყისი ეტაპიდან გრიგოლ ლილუაშვილი განმარტავდა, რომ სუსი ზოგადად "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო, რომ "ქოლ-ცენტრების" საკითხს მის უწყება საერთოდ არ ეხებოდა. ასეთი განმარტება ბრალდებულს არაერთხელ ჰქონდა გაკეთებული, თუმცა დღეს ჩვენ დაკითხული მოწმისგან მოვისმინეთ ის, რომ გარკვეულ ინფორმაციას იღებდა სუს-ი კონკრეტულ "ქოლცენტრთან" დაკავშირებით - ზეპირსსიტყვიერად მათ შორის ლილუაშვილისგან მიუღია ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე შესაძლოა ყოფილიყო ქოლ-ცენტრი და ამის საფუძველზე ხდებოდა უკვე ფინანსთა სამინისტროს რეაგირება, თუმცა მოწმემ ისიც განმარტა, რომ მსგავსი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე როდესაც შევიდოდა, შესაძლოა ადგილზე არ დახვედროდა არაფერი, შესაძლოა დაკეტილი ყოყოფილიყო და შეინიშნებოდა ტერიტორიაზე ისეთი რამ, რომ დიდი ხნის განმავლობაში არავინ იყო ნამყოფი - ან ხდებოდა გარკვეული ტექნიკის ამოღება, საიდანაც პრაქტიკულად არანაირი ინფორმაციის იდენტიფიცირება არ ხდებოდა. მსგავს მოცემულობებზე ისაუბრა მოწმემ.

რაც შეეხება კითხვას, ცრუ ინფორმაცია იყო თუ არა, ამ ყველაფერს სხვა მტკიცებულებებთან ერთად მიეცემა შეფასება და უკვე ეს დასკვნითი სიტყვის ფორმატი იქნება. მანვე განმარტა, რომ იწყებდა გამოძიება და შედეგზე ვერასდროს გადიოდა, დაახლოებით 6 წლის პერიოდში მან განმარტა, რომ შედეგზე ვერ გადიოდა“.

დაცვის მხარე პროკურატურის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის მტკიცებით, სოსო რამიშვილს პროცესზე არ უთქვამს, რომ ლილუაშვილის მიერ მიწოდებულ მისამართებზე „ქოლ-ცენტრები“ არ ხვდებოდათ.

„არა, ეს აბსოლუტურად სიცრუეა. ეს ინფორმაცია საერთოდ არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია მოწმეს საერთოდ არ დაუფიქსირებია. "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ლილუაშვილის მხრიდან მოწმეს არ ჰქონია. მან უბრალოდ უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციიდან გამომდინარე ისაუბრა, რომ გარკვეული სახის ინფორმაციები ჰქონდა მიღებული, რომელი ინფორმაციების გადამოწმების შედეგად, რიგ შემთხვევაში ბუნებრივია მართლდებოდა, მაგრამ არ იყო ეს კომუნიკაცია უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილთან“, - განაცხადა ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ.

სასამართლო პროცესზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სოსო რამიშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი ერთმანეთს თანამდებობებზე დანიშვნამდეც იცნობდნენ. პროკურორის თქმით, ფინანსური პოლიციის ექს-შეფმა აღნიშნა, რომ ლილუაშვილი წლების წინ, ერთ-ერთ სუფრაზე გაიცნო.

„რადგან პირადი ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ არ იყვნენ ერთმანეთთან კონტაქტზე. მათი თანამდებობები იძლეოდა მოცემულობას, რომ ერთმანეთთან კავშირი უნდა ჰქონოდათ. მოწმემ განაცხადა, რომ მანამდე, წლების წინ გაიცნო რაღაც სუფრაზე გრიგოლ ლილუაშვილი და იქიდან იცნობს მას. ანუ გაცნობა არ მომხდარა უშუალოდ მას შემდეგ, რაც ისინი თანამდებობაზე დაინიშნენ“, — განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი ასევე გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში სწორედ ლილუაშვილი მფარველობდა, ამ სქემაში კი სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები