ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა რესპუბლიკის ვიცე პრემიერად თავისი 20 წლის შვილი, ახმატ კადიროვი დაასახელა. უმცროსი კადიროვი შეინარჩუნებს ფიზკულტურისა და სპორტის, ასევე ახალგაზრდობის რეგიონულ საქმეთა მინისტრის პოსტს. თანამდებობას, რომელიც მან ჯერ კიდევ არასრულწლოვნების ასაკში მიიღო. აღსანიშნავია, რომ კადიროვმა კიდევ ერთ ვიცე პრემიერად, ეროვნული პოლიტიკისა და ინფორმაციის მინისტრი, ახმედ დუდაევი დანიშნა. როგორც The Moscow Times-ი წერს, ამ ნაბიჯებით კადიროვი მაღალ თანამდებობებზე საკუთარი ვიწრო გარემოცვის, ასევე ოჯახის წევრების აქტიურად დანიშვნას აგრძელებს.
აქვე უნდა ითქვას, რომ კადიროვის მიერ შვილისა და უახლოესი მოკავშირის ვიცე პრემიერებად დანიშვნა პირდაპირაა დაკავშირებული ჩეჩნეთის მოქმედი ლიდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან და აჩენს ეჭვებს, რომ რესპუბლიკის მმართველი შემცვლელის დასახელებასა და მისი ახლო მოკავშირეებით გარშემორტყმას ცდილობს. ჩეჩნეთიდან გაძევებული გამოცემები იუწყებიან, რომ ბოლო კვირებში კადიროვს ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დაუმძიმდა და ის მოსკოვშიც კი გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ამ ცნობას ჩეჩნეთში უარყოფენ.
ცნობისთვის, რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან მართავს და კრემლის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.




























