მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„რანჩო ვარიანში“ ამ ეტაპისთვის 50₾ მლნ-ის ინვესტიციაა განხორციელებული“ - როგორია კომპანიის განვითარების გეგმები

რანჩო ვარიანში

2017 წლიდან დღემდე „რანჩო ვარიანში“ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 50₾ მლნ-ს აჭარბებს. როგორც პროექტის თანადამფუძნებელმა ნატალია კანდელაკმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის 40 ჰა ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე განვითარებულია, რაც 57 კოტეჯს, რესტორანს, აუზს, ბავშვთა გასართობ სივრცეებს და სხვადასხვა ტიპის სასტუმრო ინფრასტრუქტურას ერთიანებს.

„რანჩო ვარიანის“ ისტორია დაახლოებით 2017 წლიდან იწყება. თავდაპირველად პროექტი მხოლოდ ერთი, ქართული ტრადიციული რესტორნით იყო წარმოდგენილი, თუმცა დროთა განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაემატა დასასვენებელი სივრცეები.ამ ეტაპზე კომპლექსი მოიცავს ორ ინდივიდუალურ სოფელს „თანას“ და „ნამას“, რომლებიც ჯამში აერთიანებს 57 ინდივიდუალურ კოტეჯს. აღნიშნული სოფლები ერთმანეთისგან კოტეჯების ტიპებით განსხვავდება: სოფელი „თანა“ მოიცავს 37 ხის კოტეჯს, ხოლო სოფელი „ნამა“ აერთიანებს 20 ქვის კოტეჯს.

ტერიტორიაზე განთავსებულია ოთხი საცურაო აუზი, ორი დიდი და ორი პატარა. მათ შორის ერთ-ერთი თერმო აუზია, რომელიც ზამთარშიც ფუნქციონირებს. დასასვენებელ სივრცეებთან ერთად, „რანჩო ვარიანში“ მოწყობილია გასართობი ზონებიც, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, PlayStation, ბავშვთა გასართობი სივრცე. ასევე ფუნქციონირებს ღია ტბა სათევზაო კლუბით, მინი ფერმა და მრავალფეროვანი აქტივობები, როგორიცაა მაგ. წყლის ველოსიპედები.“ - განაცხადა კანდელაკმა.

როგორც პროექტის დამფუძნებლები აცხადებენ, „რანჩო ვარიანის“ გრძელვადიანი ხედვა 10 ინდივიდუალური სოფლის განვითარებას მოიცავს, რომლებიც ერთმანეთისგან კონცეფციით და კოტეჯების ტიპებით იქნება განსხვავებული. ასევე დაგეგმილია ცენტრალური სივრცის შექმნა, სადაც გაერთიანდება გასართობი და სადღესასწაულო ზონები.

„რანჩო ვარიანს“ უმეტესად ქართველი დამსვენებლები სტუმრობენ, თუმცა აქტიურად იზრდება უცხოელი ტურისტების რაოდენობაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმეორებითი ვიზიტორების მაღალი მაჩვენებელი, რაც მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე მიუთითებს.

ამ ეტაპზე კომპლექსში წარმოდგენილია სხვადასხვა ტევადობის კოტეჯები,- ორკაციანი, ოთხკაციანი, ექვსკაციანი, ათკაციანი და თვრამეტკაციანი. შესაბამისად, კომპლექსი იღებს როგორც მცირე ჯგუფებს, ასევე 20, 50 და 200-კაციან ჯგუფებსაც. სტუმრების დარჩენის ხანგრძლივობა, ძირითადად, 2-დან 7 ღამემდე მერყეობს.

სამომავლოდ იგეგმება შიდა აუზის დამატება და სპა ცენტრის მოწყობა. ამასთან, 2026წლის ზაფხულში უკვე გაიხსნა მეორე დიდი აუზი, რაც კიდევ უფრო ზრდის კომპლექსის მიმზიდველობას.

ვფიქრობთ, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის განვითარებაში. ვარიანი აქამდე ძირითადად ცნობილი იყო იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმით, თუმცა არ არსებობდა სივრცე, სადაც ვიზიტორები ღამის გათევას შეძლებდნენ. „რანჩო ვარიანმა“ ამ მიმართულებით როგორც ტურიზმის განვითარებაში, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.“ - განაცხადა ნატალია კანდელაკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები