მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებს მილიარდერი, რომელსაც დაბერების შეჩერება სურს?

ბრაიან ჯონსონი

ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, დროის გარდა. ამ მოცემულობას თითქმის ყველა ეგუება, რადგან სამყარო ასეა მოწყობილი, თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ცხოვრების მაქსიმალურად გახანგრძლივება და დაბერების პროცესის შეჩერება სურთ, რათა იმაზე მეტი ხანი იცხოვრონ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ შესაძლებელია.

ერთი ცნობილი ადამიანი, რომელმაც სიბერეს ომი გამოუცხადა და „სამუდამოდ ცხოვრება“ გადაწყვიტა, ამერიკელი მილიარდერი მეწარმე და ინვესტორი, ბრაიან ჯონსონია. ის 47 წლისაა და მისი სიმდიდრე Kernel-სა და OS Fund-ს უკავშირდება, თუმცა მისი სახელი უფრო მეტად Project Blueprint-თან არის დაკავშირებული, რაც მის მიერ შექმნილი გეგმაა, რომელიც მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას ისახავს მიზნად.

Project Blueprint-ის ფარგლებში, ჯონსონმა საკუთარ ცხოვრებაში არაერთი სასარგებლო, საინტერესო და უცნაური პრაქტიკა დანერგა, რომელთა შესახებ ვრცლად ვისაუბრებთ.

სიბერის საწინააღმდეგო პროცედურები:

ბრაიან ჯონსონი ყოველწლიურად დაახლოებით $2 მილიონს ხარჯავს ექსპერიმენტულ მედიკამენტებსა და პროცედურებზე, რომელთა წყალობით ის დაბერების პროცესის შეჩერებას ცდილობს.

ერთ-ერთი პრაქტიკა, რომელსაც ჯონსონი მიმართავს, ღეროვანი უჯრედების გადანერგვას უკავშირდება. როგორც ვიცით, მან შვედეთიდან მიღებული 300 მილიონი ღეროვანი უჯრედი შეიყვანა საკუთარ სხეულში, რათა გაახალგაზრდავებულიყო.

ამასთან, ის სახის არეში ცხიმის ინექციის პრაქტიკას მიმართავდა, რათა უკეთესი გარეგნობა მიეღო.

გარდა ამისა, ის სისხლის გადასხმის პრაქტიკასაც მიმართავდა და დონორად საკუთარ ვაჟს იყენებდა, რომლისგანაც პერიოდულად სისხლის პლაზმას იღებდა.

ზემოხსენებული ექსპერიმენტების გამო, ჯონსონი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია და მან საბოლოოდ აღიარა, რომ ეს მცდელობები უშედეგო ან კონტრპროდუქტიული იყო, ცხიმის ინექციამ კი მისი სახის მდგომარეობა გააუარესა, ნაცვლად გაუმჯობესებისა.

მკაცრი დიეტა:

ჯონსონის ყველა მცდელობა ფუჭი ნამდვილად არ ყოფილა. თუკი მის ექიმებს დავუჯერებთ, მკაცრმა დიეტამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუმჯობესა და სხეულის ფორმაც დახვეწა.

ჯონსონი ვეგანურ დიეტას იცავს და თან საკვებს 5-საათიან ფანჯარაში იღებს, რაც 3 ძირითად კერძს აერთიანებს. მისი დღიური რაციონი მოიცავს:

- გამაჯანსაღებელ შეიკს, რომელიც ხილთან ერთად, კრეატინს, კოლაგენს და ქლორელას მოიცავს.

- ბოსტნეულის კერძს, რომელშიც ბროკოლის, ყვავილოვან კომბოსტოს, სოკოს, ოსპს და სხვა პროდუქტებს შეხვდებით.

- თხილის პუდინგს, რომელიც მაკადამიის თხილის რძეს, ნიგოზს, ჩიას, სელის თესლს, კენკრას და ალუბალს აერთიანებს.

- სპეციალურ კერძს, რომელიც სეზონურობის მიხედვით იცვლება და სხვადასხვა ტიპის ბოსტნეულს აერთიანებს, მათ შორის: ისპანახს, სალათის ფოთლებს, ტკბილ კარტოფილს, კომბოსტოს, ბროკოლის და სხვას.

საკვების გარდა, ჯონსონი გამაჯანსაღებელი დანამატის სახით ყოველდღიურად 31 აბს იღებს, რაც ვიტამინებს, ცხიმებს და მინერალებს მოიცავს.

თუკი მისი რაციონი დაბალანსებულად და ჯანსაღად შეიძლება ჩაითვალოს, იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით 31 აბის მიღების პრაქტიკაზე, რომელიც ხშირად ექიმების აღშფოთებას იწვევს.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ჯონსონი მკაცრად იცავს დიეტას, არ იღებს ალკოჰოლს და თითქმის არასოდეს ცვლის რაციონს, განსაკუთრებით მაღალი კალორიის მქონე, არაჯანსაღი პროდუქციით.

ვარჯიში:

როგორც მილიარდერი მეწარმე აცხადებს, მის ფიზიკურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე არაფერს ჰქონია ისეთი დადებითი გავლენა, როგორიც ფიზიკურ აქტივობას და ვარჯიშს აქვს.

ჯონსონი კვირაში 6 დღე ვარჯიშობს, აქედან რამდენიმე საათი ძალისმიერ ვარჯიშს ეთმობა, რაც მძიმე წონებს და ტრენაჟორებს მოიცავს.

გარდა ამისა, ჯონსონი დაბალი, ზომიერი და მაღალი ინტენსივობის კარდიო სესიებს მიმართავს, რაც მოიცავს: სიარულს, სირბილს, ველოსიპედს და კომპლექსურ მოძრაობებს.

ვარჯიშის შემდეგ, ჯონსონი, როგორც წესი, აქტიური აღდგენის პრაქტიკას მიმართავს, რაც იოგას, გაწელვებს, მედიტაციასა და დასვენებას მოიცავს.

შეძლო თუ არა ჯონსონმა დაბერების შეჩერება?

თუკი დამოუკიდებელ ექსპერტებს და ექიმებს დავუჯერებთ, მრავალი მილიონის დახარჯვის მიუხედავად, ჯონსონმა დაბერების პროცესის შეჩერება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები სახის კანის გაჯანსაღებასთან და სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო.

იმავეს ვერ ვიტყვით რეგულარულ ვარჯიშსა და დიეტაზე, რომელსაც ექსპერტები დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ცხოვრების გახანგრძლივების ყველაზე ეფექტიანი გზა სწორედ ვარჯიშსა და დიეტაზე გადის.

ყოველდღიურად 31 აბის მიღების პრაქტიკას, როგორც წესი, რესურსების ფლანგვად მიიჩნევენ; სახისა და კანის მოვლის პროცედურების დანერგვას კი ექიმები მიესალმებიან.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მრავალმილიონიანი ექსპერიმენტით ჯონსონმა საყოველთაოდ ცნობილი მოცემულობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა - ფულით დროს ვერ იყიდი, თუმცა ჯანსაღი რუტინით ცხოვრებას ნამდვილად გაიხანგრძლივებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები