მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებს ქართული სტარტაპი Helio.AI, რომელიც Web Summit-ის რჩეულ სტარტაპებს შორის მოხვდა?

helio

Web Summit-ის რჩეულ 20 სტარტაპს შორის Helio.AI მოხვდა და Showcase-ის სცენაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სტარტაპის თანადამფუძნებელმა, ნინი მოსიაშვილმა ისაუბრა.

„მსგავსი შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ ვხვდებით, რომ გამოცდილების გაზიარება და კომუნიკაცია, განვითარების საუკეთესო საშუალებაა. Web Summit-ზე Helio.AI სტარტაპ პროგრამით იყო წარმოდგენილი. დაინტერესებულ აუდიტორიას თემაზე Future of Work სტარტაპისა და პროდუქტის შესახებ ვებსამიტის სცენიდან მოვუყევით“, - აღნიშნა ნინი მოსიაშვილმა.

Helio.AI ბაზარზე პირველი ქართული ინოვაციური სტარტაპია საქართველოს HR ეკოსისტემაში, რომელიც იწყებს მის გაციფრულებას, თანაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. პლატფორმა HR-ებს მისცემს შესაძლებლობას დაზოგონ დრო, ხარჯები და თავიანთი რესურსი, და ის ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებს მოახმარონ.

„დღეს Helio.AI არის ერთადერთი რეკრუტინგის სისტემა, რომელმაც იცის ქართული, რომელსაც შეუძლია ქართულ რეზიუმეებს ემუშაოს. არანაირი ინტეგრაცია საჭირო არ არის და კომპანია თუ გადაწყვეტს რომ ამ სერვისით სარგებლობა უნდა, შესაძლებელია მისთვის ზუსტად 5 წუთში ხელმისაწვდომი იყოს მთელი სისტემა. რითაც შეუძლია ერთობლივად მართოს თავისი ვაკანსიები, მიიღოს რეზიუმეები“, - აღნიშნა ნინი მოსიაშვილმა.

Helio.AI-ს შეუძლია 500 ვაკანსია 10-15 წამში გაარჩიოს და კომპანიის საჭიროებებთან შესაბამისობის მიხედვით, რეზიუმეები პროცენტების მიხედვით დაალაგოს.

Helio.AI-ს მომსახურების ღირებულება არ არის განსაზღვრული და ის დამოკიდებულია კომპანიების საჭიროებიდან გამომდინარე. ერთი იუზერის ყიდვის შემთხვევაში, ფასი იქნება 570 ლარი, რომლის ფარგლებშიც Helio.AI-ს მომსახურებით მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში სარგებლობს.

Helio.AI-ის გუნდმა გადაწყვიტა, შეცვალოს რეკრუტინგის პროცესი და ადამიანების გამოცდილებასთან ერთად, წინ წამოწიოს რბილი უნარები, ქცევები და ფასეულობები. ამისათვის კანდიდატების პროფაილინგის შედგენას უნიკალური მეთოდით - გემიფიკაციით გეგმავს, რომლის პრეზენტაციაც სწორედ Web Summit-ზე მოხდა.

„ეს არის ნეირომეცნიერული თამაში. კანდიდატი 20 წუთის განმავლობაში „ვეარ სათვალით“ ითამაშებს, რომელსაც არ აქვს ლოგიკური დასასრული, მოგება ან წაგება. უბრალოდ კანდიდატის ყველა ქმედება საბოლოო ჯამში აკეთებს პროფაილს, რომელიც განსაზღვრავს ქცევებს, თვისებებს და ადგენს კანდიდატი რამდენად შეესაბამება კომპანიის კულტურასა და ღირებულებებს.“ - განაცხადა ნინი მოსიაშვილმა.

ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონფერენცია, Web Summit-ი პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში ჩატარდა. მას მსოფლიოს 160 ქვეყნიდან 70 000 ადამიანი ესწრებოდა — ასეულობით სტარტაპი და ტექნოლოგიური ორგანიზაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები