მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აკეთებს საქართველოს მთავრობა კლიმატის ცვლილების მიმართულებით? - ირაკლი ღარიბაშვილი განმარტება

ღარიბაშვილი
02.12.23 15:00
997

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე იმყოფება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამიტზე იგი სიტყვით გამოვიდა და კლიმატური კრიზისების გამკლავებაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში.

"მტკიცედ მწამს, რომ კლიმატურ კრიზისებთან გასამკლავებლად რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესენია: 2030 წლისთვის გლობალური ემისიების განახევრება და 1.5°C ზღვრული ოდენობის შენარჩუნება პარიზის შეთანხმების შესაბამისად; ზარალისა და ზიანის ფონდში შენატანების თანამიმდევრული განხორციელება; ჩარჩო-სისტემის შემუშავება კლიმატის ადაპტაციის გლობალური მიზნის მისაღწევად.

ასევე უნდა შესრულდეს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის ძალისხმევის დაფინანსების დაპირება წელიწადში 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის დაფინანსების გაორმაგების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებაც უნდა შესრულდეს.

საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, წელს საქართველოში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო.

უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები