იმ დროს, როცა TikTok-ზე სახელგანთქმული კონტენტ-კრეატორები ჯერაც ვერ ხვდებიან, თუ რა მომავალი ელის იმ პლატფორმას, რომელმაც მათ დიდძალი ქონება, კავშირები და პოპულარობა მოუტანა, Google-ის საკუთრებაში არსებული YouTube-ი ინფლუენსერების გადმობირებას ცდილობს.
თუკი აპრილში TikTok-ი აშშ-ის ტერიტორიაზე მართლაც სამუდამოდ აიკრძალება, ცნობილ სახეებს ახალ პლატფორმაზე გადაბარგება მოუწევთ, ამ მხრივ კი არჩევანი დიდია, რადგან ჩამონათვალში მოხვდნენ, როგორც YouTube-ი, ასევე Instagram-ი.
როგორც ჩანს, გაურკვეველი კრეატორების — და, შესაბამისად, მათი აუდიტორიის — გადმობირებაზე YouTube-ში სერიოზულად ფიქრობენ. ამ მოსაზრებას ის არაერთი სარეკლამო რგოლი ამყარებს, რომელიც TikTok-ზე დღემდე ცირკულირებს და ბედის გაურკვევლობასთან შეჭედილ ინფლუენსერებს ნაბიჯის გადადგმას აიძულებს. “არასდროს წარმომედგინა, რომ იუთუბერი ვიქნებოდი — სკოლაში რომ ვსწავლობდი, ოცნებად არ მყოფნიდა, ახლა კი YouTube-ი საჩუქრებს მიგზავნის”, — ეს მხოლოდ ერთია იმ ასობით ვიდეოს შორის, რომელსაც ინფლუენსერები რეკლამის სახით TikTok-ზე ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ TikTok-ი აშშ-ში უკვე აიკრძალა, მაგრამ ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილება 75 დღით გადაავადა, რათა კომპანიის ჩინელმა მფლობელმა აქტივების ამერიკულ კომპანიაზე ან ამერიკელ ბიზნესმენზე გადაფორმება შეძლოს. თუკი გარიგება დათქმულ ვადაში არ შედგა, TikTok-ი აშშ-ის ტერიტორიაზე სამუდამოდ აიკრძალება. ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე გამარჯვებული ეყოლება და მათ შორის სწორედ დიდი ამერიკული კომპანიები, META და Google-ი არიან.
თუკი META-ს შემთხვევაში ყველაფერი ასე თუ ისე გასაგებია, Google-ის სახით კონკურენტის არსებობა TikTok-ისთვის წესით მეტად საშიში უნდა იყოს, რადგან YouTube-ისა და YouTube Shorts-ის გარდა, Google-ის ჰოლდინგში Google Play Store-საც ვხვდებით, რომელიც მობულური აპლიკაციების ბაზარზე არსებული ორი ონლაინმაღაზიიდან ერთია. შედეგად, ამერიკულ Google Play Store-ში TikTok-ი მას შემდეგ აღარ იძებნება, რაც ის ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალა. თუმცა ამ საკითხზე მეტად საინტერესო ისაა, რომ TikTok-ის მფლობელი ჩინური ByteDance-ი მზადაა Google-ისგან ისეთი სარეკლამო დაკვეთებიც მიიღოს, რომელიც მას პირდაპირ აზიარებს.
YouTube-ის და TikTok-ის საქმიან ურთიერთობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წახნაგი აქვს და ის ყველაზე ცნობილ, გავლენიან და მაღალშემოსავლიან იუთუბერს, Mr. Beast-ის სახელით ცნობილ ამერიკელ ჯიმი დონალდსონს უკავშირდება, რომელიც ერთ-ერთია იმ რამდენიმე ანტრეპრენიორს შორის, რომელსაც TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შეძენა სურს. კონკრეტულად ვინ იყიდის TikTok-ის აქტივებს, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ ნათელია ერთი რამ — ჩინური სოციალური ქსელი აუცილებლად გაიყიდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები მას სამუდამოდ დაემშვიდობებიან.