მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის შეფასებით, დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული სატარიფო ომი თავისუფალ ვაჭრობას საფრთხის წინაშე აყენებს.
როგორც ნგოზი ოკონჯო-ივეალამ იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, შიგარუ იშიბასთან შეხვედრის დროს განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ იმ დროს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მსოფლიო ვაჭრობაში არეულობა შემოაქვს, ღია ეკონომიკის და თავისუფალი ვაჭრობის პიონერის ტვირთს საკუთარ თავზე სწორედ იაპონია აიღებს.
მისივე თქმით, იაპონია WTO-ს შენარჩუნების და რეფორმირების პროცესში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.
დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა, მართალია, თავდაპირველად, მეტად მწარე და პირდაპირი იყო, მაგრამ მას შემდეგ პრეზიდენტის რიტორიკა მოლბა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები გაერთიანებულ სამეფოს, ჩინეთს, საუდის არაბეთს და კატარს მოურიგდა, რაც აჩენს მოლოდინს, რომ სავაჭრო რეჟიმებს ტრამპი სხვა ქვეყნებთანაც გადახედავს და საბოლოო ჯამში, დასახულ მიზანს მიაღწევს.
იაპონია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთანაც აშშ-ის პოზიცია, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ ამერიკაში იაპონური ავტომობილების, ფოლადის და ალუმინის დიდი იმპორტიდან და აზიური ქვეყნის მიერ ამერიკული ვალის შესყიდვიდან გამომდინარე, გარიგების ალბათობა საკმაოდ მაღალია.




























