მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ამბობს ახალი რომის პაპი AI-ის შესახებ?

ლეო XIV

2025 წლის 8 მაისს, რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კონკლავმა ახალი რომის პაპი აირჩია. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკლესიის ისტორიაში პირველად, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას ამერიკელი კარდინალი, რობერტ ფრენსის პრევოსტი დაიკავებს, რომელმაც პაპის სახელად ლეო XIV აირჩია.

როგორც თავად ამბობს, სახელი მისი სულიერი წინამორბედის, პაპ ლეო XIII-ის საქმიანობითაა შთაგონებული. იტალიელი პონტიფიკოსი რომის ეკლესიას ინდუსტრიული რევოლუციის დროს ხელმძღვანელობდა და ისტორიაში სწორედ ტექნოლოგიური განვითარების დროს ადამიანების უფლებების დაცვით შევიდა.

როგორც პაპმა ლეო XIV-მ კარდინალებისადმი პირველი საჯარო მიმართვისას განაცხადა, სახელად ლეო იმიტომ შეარჩია, რომ პაპ ლეო XIII-სთან არაერთ პარალელს ხედავს. თუ იტალიელი პონტიფიკოსი ინდუსტრიული რევოლუციის დროს ცხოვრობდა, ამერიკელ რომის პაპს ეკლესიის მართვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში უწევს, რომელიც, მისი თქმით, ადამიანის ღირსებას, სამართლიანობას და შრომას ახალ გამოწვევებს უქმნის.

“სახელად ლეო XIV ავირჩიე. ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პაპმა ლეო XIII-მ ენციკლიკაში, სახელწოდებით “თანამედროვე საკითხების შესახებ” პირველი ინდუსტრიული რევოლუციის დროს არსებული სოციალური პრობლემები აღწერა. ჩვენს დროში კი ეკლესია კვლავ სთავაზობს საზოგადოებას თავის სოციალურ მოძღვრებაში დაგროვილ საგანძურს, ამჯერად პასუხად ახალ ინდუსტრიულ რევოლუციაზე და ხელოვნური ინტელექტის სფეროში განვითარებულ პროცესებზე, რომლებიც ადამიანის ღირსების, სამართლიანობის და შრომის დაცვის კუთხით ახალ გამოწვევებს ქმნის”, — განაცხადა რომის პაპმა ლეო XIV-მ კარდინალებისადმი მიმართვისას.

როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებით განსაზღვრული ახალი დღის წესრიგის დროს წარმოქმნილი სოციალური უთანასწორებების დაცვა ერთ-ერთი ის მიმართულება იქნება, რომელზედაც ამერიკელი რომის პაპი იმუშავებს. თავად ეს ნარატივი ახალი არ არის, რადგან AI-ის განვითარების და მისი საფრთხეების შესახებ ვატიკანმა შარშან ნარკვევი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი ეთიკურად უნდა განვითარდეს, რადგან ამ ტექნოლოგიას ცრუ ნარატივების და დიდ მასშტაბზე გავრცელების შესაძლებლობა აქვს.

რომის კათოლიკური ეკლესიის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ AI-ის ისეთი დავალებების შესრულება შეუძლია, რომლისთისაც ადამიანური ინტელექტი არის საჭირო, ადამიანური და ხელოვნური ინტელექტი განსხვავებული ცნებებია, რადგან მანქანას არ შეუძლია აზროვნება, არ აქვს ემოციები და სულიერება. მათივე თქმით, AI-მოდელები მათემატიკურ ჩარჩოებში ოპერირებენ და ვერასდროს ჩაანაცვლებენ ადამიანურ ურთიერთობებს. ვატიკანი ასევე მიანიშნებს, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ მისი პროფესიონალიზმი და ეფექტიანობა, არამედ აქვს ღირსება.

ზოგადი შეფასების გარდა, გასულ წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ ოფიციალური ვატიკანის მიმოხილვას იმ სფეროების შესახებ, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაა დაგეგმილი:

[1] განათლება: ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, გაამარტივოს სწავლება, მაგრამ ტექნოლოგიის არასწორმა გამოყენებამ, შესაძლოა, კრიტიკული აზროვნების განვითარება შეაფერხოს;

[2] ჯანმრთელობის დაცვა: მიუხედავად იმისა, რომ AI აუმჯობესებს დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას, ტექნოლოგიამ არ უნდა ჩაანაცვლოს ექიმსა და პაციენტს შორის არსებული ურთიერთობა;

[3] შრომა: ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, გააქროს ბევრი სამუშაო ადგილი და გააუფასუროს ადამიანური უნარები, რაც საჭიროებს პოლიტიკას, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს და ღირსებას დაიცავს;

[4] ომი: ავტონომიური იარაღის გამოყენება საფუძვლიან ეთიკურ კითხვებს აჩენს, რაც მიგვანიშნებს საერთაშორისო რეგულაციების არსებობაზე, რომელიც ამ ტექნოლოგიის განვითარებას შეზღუდავს;

[5] სიმართლე და ინფორმაციის სანდოობა: ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის გავრცელება საფრთხეს უქმნის სიმართლეს და საზოგადოებრივ დისკურსს. ამ მხრივ, ეკლესიის რეკომენდაცია ეთიკური სტანდარტების დაცვა და სიფრთხილის შენარჩუნებაა;

[6] გარემოს დაცვის ასპექტები: AI-ის განვითარება მნიშვნელოვან ენერგიას და რესურსებს მოითხოვს, რაც გარემოზე უარყოფითად აისახება. დოკუმენტი მოუწოდებს, AI-მოდელები მდგრადი პრაქტიკების გამოყენებით განვითარდეს.

საერთო ჯამში, რომის კათოლიკური ეკლესიის პოზიცია შემდეგნაირად შეიძლება შეფასდეს: ვატიკანი აცნობირებს, რომ AI რეალურია, მაგრამ მის არაეთიკურ განვითარებაში სერიოზულ საფრთხეებს ხედავს და მიანიშნებს, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა განიხილებოდეს როგორც ადამიანის დამხმარე ინსტრუმენტი და არა მისი შემცვლელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები