მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის, ილონ მასკის განცხადებით, ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან მიდის, რადგან მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში მისი საქმიანობის დრო ამოიწურა, რაც სიმართლეა, რადგან მასკი ადმინისტრაციაში სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის სტატუსით იყო წარმოდგენილი, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმ 130 დღით აქვს მუშაობის უფლება - ეს ვადა კი ამოწურულია.
როგორც მილიარდერი აცხადებს, ის DOGE-ის საქმიანობით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი მის გარეშეც შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას.
სამთავრობო გადაწყვეტილებების საკითხს რაც შეეხება, როგორც მასკი ამბობს, ის ტრამპის ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, თუმცა ამაზე საჯაროდ არ საუბრობდა, რადგან ეს ზედმეტ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მასკი აღნიშნავს, რომ ის ტრამპის თანამოაზრეა და უმეტეს საკითხებში მის პოზიციებს იზიარებს.
„დილემის წინაშე ვარ - თან არ მინდა ტრამპის ადმინისტრაცია საჯაროდ ვაკრიტიკო, რადგან მის გადაწყვეტილებებს ყველაფერში არ ვეთანხმები და თან არ მინდა, რომ ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სრულად ავიღო, რადგან ეს გადაწყვეტილებები მე არ მიმიღია და ზოგიერთს არც ვეთანხმები“, - ამბობს ილონ მასკი.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელშიც მასკი ტრამპს არ ეთანხმება, მთავრობის ახალ ბიუჯეტს უკავშირდება, რომელიც დეფიციტის გაღრმავებას და სახელმწიფო ვალის ზრდას მოიაზრებს. როგორც მასკი ამბობს, ეს კანონპროექტი პრინციპულ წინააღმდეგობაშია DOGE-ის ფილოსოფიასთან, რომელიც ხარჯების შეკვეცას და $36-ტრილიონიანი ვალის შემცირებას მოიაზრებს.




























