"9 აპრილი არის დღე, როდესაც "უცხოურმა ძალამ" განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე" - ზუსტად ასეთი ფორმულირების განცხადება გაავრცელა გუშინ, ოცნების მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ იმაზე, იმაზე რაც 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე მოხდა. არცერთი სიტყვა განცხადებაში არ იყო რუსეთზე, კრემზე და იმ სისასტიკეზე რაც 1989 წლის 9 აპრილის გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევისას ჩაიდინეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და ათასობით მოქალაქის დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა მოჰყვა. სამაგიეროდ საუბარი იყო ახლანდელ უცხო ძალებზე, რომელიც მისი შეფასებით, ძალადობს ქართველზე ხალზე.
მოგვიანებით სამების ტაძართან მისულმა კობახიძემ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში დააკონკრეტა, რომ "დიპ სტეიტი" და საბჭოთა "კაგებე" ერთი მეთოდებით მოქმედებენ და რომ მათ შორის ტოლობის ნიშანია.
კიდევ უფრო უსუსურად ტრაგიკული იყო ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის განცხადება, რომელმაც პირობა დადო, რომ 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანები ემახსოვრება, თუმცა ვერ გეტყვით რა კავშირი არსებობს ტრაგიკულ გარდაცვალებასა და ნიჩბებითა და ტანკებით ამოხოცვას შორის.
დაღუპულებად შეფასდნენ 9 აპრილის გმირები ოცნების თავდაცვის მინისტრის მიერაც. ირაკლი ჩიქოვანმა ოფიციალურ ფბ გვერდზე დაწერა, რომ ქედს იხრის 9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე.
რუსეთი არც პრეზიდენტ ყაველაშვილს უხსენებია იმ განცხადებაში, რომელიც მან გუშინ გაავრცელა. „დღევანდელი დღის მნიშვნელობა განუზომელია, რადგან 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა! - თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება“ - ეს არის მოკლე ამონარიდი მისი განცხადებიდან.
მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა! - სირცხვილი თქვენ - საქართველოს ე.წ. მთავრობავ! – „რუსები“ იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და ამის თქმასაც ვერ ბედავთ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მიღმა 9 აპრილს დაზარალებულთა მნიშვნელობაზე გაკეთებული განცხადებებისა, გუშინ BMG-იმ მათი საპენსიო დანამატების შესახებაც მოიკითხა ინფორმაცია და როგორც გაირკვა. 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებული პირები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები 60-დან 80 ლარამდე დანამატს იღებენ.
დადგენილება ძალაში 2024 წლის 1 იანვარს შევიდა. იქამდე მათი დანამატი საერთოდ 22 ლარიდან 44 ლარამდე მერყეობდა. კომპენსაცია, დადგენილებით შემდეგნაირადაა განსაზღვრული: 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – ყოველთვიურად 80 ლარი; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს – ყოველთვიურად ასევე 80 ლარი; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს – ყოველთვიურად 60 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილს ათასობით ადამიანი დაზარალდა, დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ 427 პირი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2021 წელს საქართველოს იმჟამინდელ პრემიერს გიორგი გახარიას, კომპენსაციების ზრდის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ასევე, მსგავსი მიმართვა უკვე სახალხო დამცველის მხრიდან გაკეთდა 2023 წლის აგვისტოში პრემიერ ღარიბაშვილთან, თუმცა დანამატის გადახედვა არ მომხდარა.
როგორ ჩანს გუშინდელი დღე ბიზნესის მხრიდან, რა ენაზე საუბრობს ქართული ოცნების მთავრობა დღეს და პროტესტის რა ეტაპზეა სამოქალაქო საზოგადოება?
სტუმარი: რესან ქიქავა - ბიზნესმენი


































