მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას და რატომ ითხოვს კომუნიკაციების კომისია - ტელეკომპანიები ბექაურის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ

606b413a36253
სალომე მეცხვარიშვილი
05.04.21 23:00
1014
მორიგი დაპირისპირება კომუნიკაციების კომისიასა და ტელეკომპანიებს შორის - ამჯერად უთანხმოების მიზეზი მარეგულირებლის ინიციატივაა: კახა ბექაურის უწყებას სურს, აუდიტი ჩატარდეს კომპანიებში, რომლებიც ქართული ტელევიზიების რეიტინგებს ითვლიან. ასეთი კი სულ ორია - TVMR დაTMI.

მარეგულირებელში ამბობენ, რომ ორივე კომპანია განსხვავებულ რეიტინგებს აჩვენებს, რაც რეკლამის დამკვეთებისთვის პრობლემაა. კომისიაში ირწმუნებიან, რომ სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ტელევიზიებს წლიდან-წლამდე სარეკლამო შემოსავლები უმცირდებათ, დამკვეთები კი ციფრულ პლატფორმებს ირჩევენ, რადგან აქ ზუსტი მონაცემები მარტივად ხელმისაწვდომია.

“საქართველოში გვაქვს უნიკალური გარემოება, რომელიც ამოვარდნილია საერთაშორისო ევროპული პრაქტიკიდან და ბაზარზე ოპერირებს სატელევიზო რეიტინგების მთვლელი ორი კომპანია. შესაბამისად, გვაქვს ორი რეიტინგი - ეს პრობლემურია როგორც მაუწყებლებისთვის, ასევე რეკლამის დამკვეთებისთვის, მათ არ იციან, რომელი რეიტინგია ზუსტი”,- აცხადებს bm.ge-სთან კომუნიკაციების კომისიის აუდიოვიზუალური მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე.

კითხვაზე, რატომ ხედავს სატელევიზიო რეკლამის შემცირების მიზეზად კომუნიკაციების კომისია მხოლოდ განსხვავებულ რეიტინგებს და რატომ არ შეიძლება რეკლამები მცირდებოდეს რეგულაციების, გლობალური ტრენდის თუ პანდემიის გამო, კომუნიკაციების კომისიაში გვპასუხობენ:

“წლების განმავლობაში დაკვირვება აჩვენებს, რომ სხვა ქვეყნებში სატელევიზიო რეკლამის ბაზარი არ იზრდება, თუმცა სტაბილურად ინარჩუნებს მაჩვენებლებს, საქართველოში კი სატელევიზიო რეკლამის ბაზარი მცირდება. ის, რომ ჩვენთან ორი განსხვავებული სტანდარტი არსებობს, გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ დიდი ნაწილი სატელევიზიო რეკლამისა მიემართება ციფრულ პლატფორმებში, იმიტომ, რომ რეკლამის დამკვეთს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომელი რეიტინგია ზუსტი”,- აცხადებს bm.ge-სთან ივანე მახარაძე.

კომუნიკაციების კომისიას, რეიტინგების მთვლელ კომპანიებში აუდიტის ჩატარება და “ზუსტი რეიტინგების” შექმნა სარეკლამო ბაზრის განვითარების წინაპირობად მიაჩნია, თუმცა, ამას ტელევიზიების ნაწილი არ ეთანხმება - სარეიტინგო კომპანიების დამკვეთები სწორედ ისინი არიან. “ტვ კავკასიაში” ამბობენ, რომ მარეგულირებელს მორიგ ჯერზე სურს უფლებამოსილებები გაიფართოვოს. ტელევიზიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ წლებია, სარეკლამო ბაზარს თავად ბექაურის უწყება ახალ-ახალი რეგულაციებით ზღუდავს.

რაც შეეხება აუდიტის ჩატარებას - ამაზე თანახმაა რეიტინგების მთვლელი TMPI, რომელიც ბაზარზე შედარებით ახალი კომპანიაა, 2015 წლიდან ოპერირებს და ემსახურება “იმედს”, “რუსთავი 2”-ს, “მარაოს”, “ევრონიუსს”, GDS-ს. კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ აუდიტის ჩატარების წინააღმდეგია კომპანია TVMR, რომელიც 2005 წლიდან საქმიანობს და მისი დამკვეთები ტელეკომპანიები “მთავარი”, “ტვ პირველი”, “ფორმულა” და “კავკასია” არიან. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ აუდიტის ჩატარების პრობლემა არ აქვთ, თუმცა, ამის საჭიროებას ვერ ხედავენ მათი დამკვეთები; აუდიტის ჩატარების მოთხოვნა კი სწორედ მათი პრეროგატივაა.

რატომ ეწინააღმდეგებიან ტელევიზიები რეიტინგების მთვლელ კომპანიაში აუდიტის ჩატარებას?

“ტვ კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა აუდიტის ჩატარება და სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გაზრდა, არამედ ბაზრიდან TVMR-ის გაძევებაა, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს ემსახურება. ჯანგირაშვილი ამბობს, რომ კახა ბექაურის და ხელისუფლების ინტერესებშია, ბაზარზე დარჩეს კომპანია, რომელიც მხოლოდ მთავრობისთვის მოსაწონ რეიტინგებს დაწერს.

მისი მტკიცებით, TVMR-ის საწინააღმდეგო კამპანია აქამდეც არაერთხელ განხორციელებულა.

“ტვ პირველის” აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბუჯანიძე ხაზგასმით აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილება არ არის, სარეიტინგო კომპანიას აუდიტის ჩატარება დაავალოს. ნანა აბურჯანიძის თქმით, ტელევიზიები არ არიან წინააღმდეგი, აუდიტი ჩატარდეს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით.

“მარეგულირებელი კომისია ცდილობს ჩვენ მიერ გადახდილი რეგულირების საფასურიდან მიღებული შემოსავლიდან დააფინანსოს აუდიტი, როცა ეს მის კომპეტენციაში არ შედის და ამის უფლება მას არ აქვს. ჩვენგან შეგროვებული რეგულირების საფასური მან ჩვენს რეგულირებას უნდა მოახმაროს და არა იმ სფეროში ხელების ფათურს, რომელიც მას არ ეხება.

ორი მზომელი იქნება ბაზარზე თუ ერთი, ვინ რას გაზომავს და როგორ, ამაში, როგორც ჩანს, ძალიან უნდა რომ ჩაერიოს კომისიას; კომისიას ძალიან უნდა დასკვნა დადოს, რომ ერთი კომპანია კარგია, მეორე კი ცუდი, რომ მერე წაიყვანოს საქმე იქითკენ, რომ ჩვენ არ გვქონდეს არჩევანის საშუალება.

ჩვენ აუდიტის წინააღმდეგი კი არ ვართ, ბატონო კახი და ბატონო კომისიის წევრებო, არამედ ჩვენ ვართ წინააღმდეგი, რომ თქვენ ჩაუტაროთ აუდიტი მზომველს, მიმაჩნია, რომ ეს არის დამკვეთების კომპეტენცია. ჩვენ ამ ინიციატივას სწორედ ამ ჭრილში ვემიჯნებით.

ის კეთილი ზრახვები, რომ თითქოს “სარეკლამო ბაზარი უნდა გაჯანსაღდეს და გადარჩეს და ამისთვის ერთი მზომველი უნდა იყოს” - ამ ლოგიკით, როცა მეორე მზომველი კომპანია გაჩნდა ბაზარზე, მაშინ უნდა ამოეღო ხმა კომუნიკაციების კომისიას”,- აცხადებს ნანა აბურჯანიძე.

აქვს თუ არა კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილება, მოითხოვოს სარეიტინგო კომპანიების აუდიტი?

კომუნიკაციების კომისიას არ აქვს უფლება აუდიტის ჩატარება მოითხოვოს რეიტინგების მთვლელ კომპანიებში, რამდენადაც ამ კომპანიებს ბექაურის უწყება საერთოდ არ არეგულირებს - ამბობს კომუნიკაციის სპეციალისტი.

ხატია ყურაშვილის აზრით, კომისიას ასევე არ უნდა აღელვებდეს სარეკლამო შემოსავლების მოცულობა და მარეგულირებელი უნდა კონცენტრირდეს, რამდენად სწორად არის განთავსებული რეკლამა ამა თუ იმ ტელევიზიაში.

თუმცა, განსხვავებულად ფიქრობენ კომუნიკაციების კომისიაში და ამბობენ, რომ მაუწყებლობის სფეროში არსებული პრობლემა მათაც ეხებათ.

“რაც შეხეება კომპეტენციას, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობის სფეროში მედია პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებაა და სწორედ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულია, რომ ნებისმიერი პრობლემა იყოს გადაჭრილი.

ჩვენს რეგულირების სფეროში არ შემოდის რეიტინგის მთვლელი კომპანიები, თუმცა, სარეკლამო ბაზრის, სამაწუყებლო ბაზრის რეგუილრება არის კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება”,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის აუდიოვიზუალური მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები