ბოლო პერიოდში, საქართველოს და მის მთავარ დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. თუმცა თუ ადრე, პარტნიორების მხრიდან სანქციებზე საუბარი უმეტესწილად ეკონომიკურ და სამგზავრო შეზღუდვებს ეხებოდა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ახლა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ დასაყრდენზე, თავდაცვის ძალებზე ალაპარაკდნენ.
ევროკავშირმა, როგორც ცნობილია, საქართველოს “ევროპული სამშვიდობო ფონდიდან” €30-მილიონიანი ტრანში გაუჩერა, ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ქვეყანაში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადო.
“ევროპული სამშვიდობო ფონდი” ევროკავშირის დაფინანსების მექანიზმია, რომელიც ევროპაში მშვიდობის უზრუნველყოფას, კონფლიქტების თავიდან აცილებას და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ფონდი 2021 წელს შეიქმნა და მას შემდეგ, საქართველომ ამ მექანიზმის ფარგლებში ევროკავშირისგან €62.75 მილიონი მიიღო. წელს, ამ თანხას €30 მილიონი უნდა დამატებოდა, რომელიც, თავდაპირველი გეგმით, სამწლიან პერიოდს დაფარავდა და საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და მომსახურების დაფინანსებას მოხმარდებოდა, როგორც საინჟინრო, ასევე ბრძანება-კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკის და კიბერთავდაცვის მიმართულებით. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამ თანხით პერსონალის ტექნიკური მომზადებაც დაფინანსდებოდა.
თავად ეს თანხა - €30 მილიონი, სახელმწიფო ბიუჯეტის ჭრილში დიდი ნამდვილად არ არის და მისი მიღება-არმიღება, რეალურად, დიდად არაფერს შეცვლის, მაგრამ ამ საკითხში გაცილებით მნიშვნელოვანია არა თანხის მოცულობა, არამედ მისი მიზნობრიობა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ თანხის მიზანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის გაძლიერებაა, ევროპის ოცდაშვიდი ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის ეს ჟესტი მეტად დამაფიქრებელია, რადგან ის ჩვენი ქვეყნისა და მისი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის ურთიერთობების უარყოფითი მიმართულებით გადახედვაზე, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ურთიერთობების გაუარესებაზე მიგვანიშნებს.
ასეთივე მდგომარეობა შეიქმნა საქართველოს კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებითაც, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა გამოაცხადა. ამ პროცესის ფარგლებში, საქართველომ პირველი შეზღუდვა უკვე მიიღო და ის “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო წვრთნას უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში ამ ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ, სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადო, რაც საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ რიტორიკას უკავშირდება.
“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული გადახედვის პროცესში, ამერიკის შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში “ღირსეული პარტნიორის” სწავლებას, რომელიც თავდაპირველად, 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.
30 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრულად გადახედვა დაიწყო. საქართველოში “ღირსეული პარტნიორის” სწავლების გადადება საქართველოს ხელისუფლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა დასავლური უწყებებისადმი წაყენებულ მცდარ ბრალდებებს უკავშირდება, მათ შორის უკრაინაში შექმნილი დაძაბულობის გასანეიტრალებლად რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნასთან და მმართველი პარტიის წინააღმდეგ ორ გადატრიალებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ახლა შეუფერებელი დროა”, - ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, ქვეყანა საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს, რადგან ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გზაზე საქართველოს მხარდაჭერა სურს. ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთ სამხედრო პროგრამას - “მტკიცე სულს” გულისხმობს, რომელიც საქართველოში 2025 წელს უნდა ჩატარდეს. ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადება, ერთგვარი შუალედური გამაფრთხილებელი გადაწყვეტილებაა.
მაშ, რას წარმოადგენს სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი” და რას დაკარგავს საქართველო ამ პროგრამის შეჩერებით? ეს პროგრამა, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის შეიქმნა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მიერ აშშ-ის ევროპისა და აფრიკის დანაყოფებთან ერთად, ყოველწლიურად ხორციელდება. ამ პროგრამას რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორის უპირატესი - სამხედრო წვრთნებში მონაწილე სახელმწიფოების სამხედრო მომზადება და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა. ამასთან, “ღირსეული პარტნიორი” საკმაოდ მასშტაბური პროგრამაა - 2022 წელს, მაგალითად, საქართველოში შემდგარ წვრთნებში ცხრამეტი ქვეყნის 2,400-მა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა.
“ღირსეული პარტნიორის” წვრთნების დროს, სამხედრო შენაერთები სხვადასხვა სიტუაციურ სავარჯიშოებს ასრულებენ, რომლებშიც ჩართულია, როგორც არტილერია, ასევე მძიმე შეიარაღება. “ღირსეული პარტნიორის” კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ წვრთნების გავლის დროს სამხედრო შენაერთები ინტეგრაციას ქვედანაყოფების დონეზე გადიან, ანუ პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც ჯარისკაცები იღებენ, უბრალოდ უალტერნატივოა.
თუმცა ამ ყველაფერთან ერთად, “ღირსეული პარტნიორის” წვრთნებს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უნიკალური მხარე აქვს, რაც მის ლოკომიტივს - ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება. ეს უპირატესობა ამერიკის შეერთებული შტატების სრული სამხედრო დომინაციაა, რომელსაც ატომური იარაღის, უძლიერესი სამხედრო სტრუქტურის და მმართველობის და უბადლო სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის კომბინაცია განაპირობებს. ამასთან, აშშ-ის ჯარში სამ უნიკალურ მოწყობილობას ვხედავთ, ესენია სტელსის ტიპის ბომბდამშენი B-2 Spirit-ი, მსოფლიოს უძლიერესი და დაუმარცხებელი ავიაგამანადგურებელი, F-22 Raptor-ი და ჯერალდ რუდოლფ ფორდის კლასის ავიამზიდი, რომელიც ერთგვარი მოძრავი კუნძულია.
ამ ტექნოლოგიებს, ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი “ღირსეული პარტნიორის” წვრთნების დროს არ იყენებს, მაგრამ თავად ის ფაქტი რად ღირს, რომ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად წვრთნებში მსოფლიოს საუკეთესო ჯარისკაცები მონაწილეობენ? ამგვარად, “ღირსეული პარტნიორის” წვრთნების შეჩერება საქართველოსთვის დიდი დარტყმაა, რომელიც, შესაძლოა, ქვეყნის მთავარ საყრდენზე - თავდაცვის ძალებზე აისახოს.