მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას დაპირდა ეროვნული ბანკი სესხის გამცემ სუბიექტებს - ვახტანგ გრიგალაშვილი

5eb148b4f09c6
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.20 09:00
1651
ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზაობას, რომ ჩაერევა ჩვენსა და ბანკებს შორის ურთიერთობაში - ამის შესახებ სესხის გამცემ სუბიექტთა ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ გრიგალაშვილმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

მან შეზღუდვების შედეგად სესხის გამცემი სუბიექტებისა და სავალუტო ჯიხურების მდგომარეობა მიმოიხილა და განაცხადა, რომ სავალუტო ჯიხურების შემოსავლები განულებულია.

„ჩვენი საქმიანობა 31 მარტიდან არის შეზღუდული, წარმოვიდგინოთ სურათი, რომ ერთ დღეს სავალუტო ჯიხურების ნაწილში შემოსავლები განულდა. თუ სავალუტო ოპერაციები არ არის დისტანციურად, ეს მომსახურება წარმოუდგენელია, ვერც კანონს შევუსაბამებთ და უბრალოდ, განულდა. სესხის გამცემ სუბიექტებში სესხების გაცემა მოცემული 100%-დან ჩამოვიდა 40%-ზე. ამ ვითარებაში ბიზნესს ექმნება ნაღდი ფულის პრობლემა. მიუხედავად ამისა, მე წარმოვადგენ სესხის გამცემი სუბიექტების ასოციაციებსა და სავალუტო ასოციაციასაც, ორივე სექტორში მაქსიმალურად ჩვენი ასოციაციის წევრებმა მოახერხეს და პირველ პერიოდში თანამშრომლებზე გაიცა ხელფასები. აღვნიშნავ, რომ არა იმ ოდენობით, როგორც წინა პერიოდში, თუმცა მაინც გაიცა, რაც გარკეულ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული.

ეს ჯაჭვური რეაქციაა - როდესაც ფიზიკური პირის შემოსავლები ეჭვქვეშ დგება, ის ხარჯვით ნაწილსაც ერიდება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენს სექტორზე ამან დიდი გავლენა იქონია. ჩვენ ასე გაცხადებულად არ გვითქვამს, რომ 3-თვიან საშეღავათო პერიოდს ვაკეთებდით, თუმცა მოგვიწია ამის გაკეთება იმ შემთხვევებში, სადაც მომხმარებელი ითხოვდა, რომ მიგვეცა შეღავათი, რადგან გვესმის ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც ამ პანდემიიდან გამომდინარე შეიქმნა“, - განმარტავს ვახტანგ გრიგალაშვილი.

ის მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის სესხის გამცემ სუბიექტებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.

„ამ პირობებში, როდესაც მომართვიანობა ასეა შემცირებული, ეს შეხვედრა საჭირო იყო. რთულია იმის თქმა, რა იქნება მომავალში, მაგრამ ეროვნული ბანკი მზაობას გამოთქვამს, რომ მომდევნო პერიოდში კრიზისის მასშტაბიდან გამომდინარე, თუ რა შემოსავლითი და ხარჯვითი ნაწილი იქნება, ამ ბალანსიდან აღებული, ის ჩაერევა ჩვენსა და კომერციულ ბანკებს შორის ურთიერთობაში, რათა სესხის გამცემი კომპანიების გადახდითი ნაწილი არ ჭარბობდეს შემოსავლით ნაწილს, რაც თავისთავად, ცხადია, კომპანიებს გაკოტრებამდე მიიყვანს. რთულია მომხმარებლისგან იმავე პროცენტობით ამოიღო სარგებელი, როგორც შენ გექნება გაწერილი ბანკში თუ ეს კონსოლიდირებულად არ მოხდა“, - განაცხადა სესხის გამცემ სუბიექტთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები