ევროკომისიის პრესსპიკერი მარკუს ლამერტი განმარტავს, რომ უვიზო რეჟიმზე EU-საქართველოს დღეს დაგეგმილი დიალოგის მიზანი იმ გარემოებების გამოსწორებაა, რამაც ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება გამოიწვია. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე, საქართველოზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"როგორც ამ კვირის დასაწყისში ავხსენი, გაიმართება შეხვედრა ევროკომისიასა და ქართველი ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. ეს არის სტანდარტული პროცედურის ნაწილი, რომელიც განსაზღვრულია სავიზო რეგულაციით და რომელიც ხორციელდება მაშინ, როდესაც ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება. ეს მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის 12-თვიანი ვადით შეჩერება.
ამ შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომლებმაც აღნიშნული შეჩერება გამოიწვია. სწორედ ეს საკითხები იქნება განხილვის მთავარი თემა.
შეგახსენებთ, რომ შეჩერების მიზეზად დასახელდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელოვან სფეროებში",- აღნიშნა მან.




























