2027 წლის იანვარში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას. მომავალ კვირას, 11 ივნისს კი საქართველოსთან დიალოგი გაიმართება. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის საკითხების რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს.
“ევროკავშირი შემდეგ კვირაში, 11 ივნისს სავიზო რეჟიმის შესახებ დიალოგს გამართავს. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერების თაობაზე. ევროკომისია თავის ყოველწლიურ ანგარიშს სავიზო რეჟიმზე დეკემბერში წარმოადგენს, იანვარში კი წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას”, - წერს იოზვიაკი.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, ბრიუსელში ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა მათ უთხრა, რომ შეხვედრის მიზანია, საქართველოს გააგებინოს, რომ „საქმე სერიოზულად არის“.
ვინ დაესწრება 11 ივნისის შეხვედრას საქართველოდან, უცნობია. Bm.ge საგარეო საქმეთა სამინისტროში შეეცდება გაარკვიოს. თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.
„11 ივნისის შეხვედრა ერთგვარი „ბოლოსწინა ხაზია“ საქართველოსთვის [უვიზო რეჟიმის შესაძლო დაკარგვამდე] - უთხრეს რადიო თავისუფლებას წყაროებმა ბრიუსელში.
ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა გვითხრა, რომ იმედი აქვთ, თბილისი გამოუშვებს „ვინმე შესაბამის ადამიანს“, - ისეთს, ვისთანაც კონსტრუქციული საუბარი იქნება შესაძლებელი, რათა დიალოგი შედგეს და არ მოხდეს იგივე, რაც 2025 წელს „ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის“ მცდელობისას მოხდა”, - წერს რადიო თავისუფლება.
შეგახსენებთ, საქართველოს ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის მარტიდან აქვს. თუმცა ბოლო წლებში ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე აქტიურად საუბრობენ და ამის მიზეზი ბრიუსელის განმარტებით, დემოკრატიული უკუსვლაა. ცნობისთვის, უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ სჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა, გადაწყვეტილებისთვის საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა.



























