რამდენიმე თვის წინ Apple-მა ავტომწარმოებლებს განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა — CarPlay Ultra წარუდგინა. როგორც სახელიდანაც ჩანს, ეს ინოვაციური და სრულად შეცვლილი ავტომობილის ინტერფეისია, რომელიც ავტომობილის გასართობ-ინფორმაციული სისტემის მართვის ყველა ელემენტს მოიაზრებს, მათ შორის ინსტრუმენტების პანელს, ცენტრალურ ეკრანს და კლიმატ-კონტროლს.
ამგვარად, CarPlay Ultra აღარ არის მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მძღოლს ნავიგაციას უმარტივებს და დამატებით კომფორტს სთავაზობს, რადგან ის სრულად ცვლის ავტომობილის სამომხმარებლო ინტერფეისს და ქმნის Apple-ის ეკოსისტემურობაზე და დიზაინის ენაზე დაფუძნებულ გამოცდილებას. რეალურად, სარეკლამო კამპანია, რომელიც Apple-მა წარმოადგინა, სრულად ჯდება Apple-ის ხედვაში.
Apple-ის მიერ შემოთავაზებული საავტომობილო პროგრამული უზრუნველყოფა ნამდვილად შთამბეჭდავია, რადგან ამ დონეზე შესრულებული ეს პროდუქტი, ამ დრომდე, არ გვინახავს. თან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ერთ-ერთი მთავარი ნაკლოვანება, რომელსაც ავტომობილებში, მათ შორის უახლეს მოდელებში ვხვდებით, სწორედ ე.წ. “ინფოტეინმენტის” სისტემაა.
ბრიტანული Aston Martin-ი პირველი ავტომწარმოებელი კომპანია იყო, რომელმაც Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფა დანერგა. Apple-ის CarPlay Ultra Aston Martin-ის ოთხივე პრემიულ ავტომობილში გამოჩნდება, ესენია DB12, DBX707, Vantage და Vanquish. როგორც იმ დროს ითქვა, Aston Martin-ის შემდეგ, Apple-ის გადაწყვეტას ასევე დანერგავდნენ Porsche, Mercedes-Benz-ი, Jaguar-ი, Land Rover-ი, Hyundai, Genesis-ი, Kia, Audi, Honda და Ford-ი.
თუმცა აღმოჩნდა, რომ Apple-ის CarPlay Ultra იმაზე ნაკლებ კომპანიას სურს, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. ამ დროისთვის, Apple-ის გადაწყვეტის დანერგვაზე უარი Mercedes-მა, Audi-მ, Volvo-მ, Polestar-მა და Renault-მ განაცხადეს. ფრანგულმა კომპანიამ გადაწყვეტილება ახსნა კიდეც — კომპანიას არ სურს, Apple-ი საკუთარ შიდა სისტემაში შემოუშვას. სხვებიც, სავარაუდოდ, ასე ფიქრობენ.
საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივ ავტომწარმოებელ კომპანიებს საქმე არც თუ ისე კარგად აქვთ, რასაც ბევრი ახსნა აქვს, მათ შორის გარკვეულწილად ჩავარდნილი გლობალური ექსპერიმენტი ელექტრომობილებთან დაკავშირებით და ჩინეთიდან მომავალი კონკურენცია. ყველაფერი ეს შემოსავალზე უარყოფითად აისახება, ასე რომ კომპანიების მთავარი საზრუნავი სწორედ შემოსავლის გაზრდაა.
შემოსავლის გასაზრდელად, ბევრი კომპანია Tesla-სთვის მიბაძვას და საკუთარ ავტომობილებზე გამოწერის მოდელის დამატებას მოიაზრებს, რაც გულისხმობს მომავალს, როცა კონკრეტული ფუნქციების, მაგალითად, სკამის გაგრილების ჩასართავად, მომხმარებელს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს. რაკიღა ყველაფერი ეს პროგრამულად იმართება, თუ კომპანიამ Apple-ის OS დანერგა, შემოსავლის დიდ ნაწილსაც სწორედ ის წაიღებს.