მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ფიქრობს FED-ის ხელმძღვანელი ინფლაციაზე, მონეტარულ პოლიტიკასა და ციფრულ დოლარზე?

ჯერომ პაუელი

პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანმა ცენტრალურმა ბანკმა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ისევ უცვლელად, 5.5%-იან ნიშნულზე დარჩა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზითაც მოსალოდნელი იყო.

FED-ის გადაწყვეტილებაზე არანაკლებ საინტერესო იყო უწყების ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის მოსმენა, რომელმაც ფედერალური რეზერვის სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით ისაუბრა და საზოგადოებას თავისი პოზიცია გააცნო.

„ფედერალური რეზერვის მთავარი მიზნები უცვლელია - ჩვენი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და დასაქმების დონის მაქსიმალურად გაზრდაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკამ სერიოზული პროგრესი განიცადა ამ მიზნების მიღწევის მიმართულებით, მოგეხსენებათ, ინფლაციის დონე მკვეთრადაა შემცირებული, სამუშაო ადგილები კი სტაბილურად იქმნება, რაც მისასალმებელი ამბავია. მიუხედავად ყველაფრისა, ინფლაციასთან ბრძოლა დასრულებული არ არის და ზუსტად რა იქნება მომავალში, ამის თქმა საკმაოდ რთულია. რაც არ უნდა მოხდეს, FED-ის ამოცანა უცვლელია, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ ინფლაცია სამიზნე 2%-იან ნიშნულს არ დაუბრუნდება და ქვეყანაში ფასების სტაბილურობა არ აღდგება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რეფინანსირების განაკვეთი ისევ უცვლელად, 5.5%-იან ნიშნულზე დარჩება. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვზრდით ზეწოლას ინფლაციაზე და მტკიცედ მივყვებით იმ სტრატეგიას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ფასების სტაბილურობამდე მიგვიყვანს.

ქვეყნის მაკროეკონომიკურ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ რეცესიული და ინფლაციური რისკები შემცირებულია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისევ შევინარჩუნოთ. ჩვენი შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა უკვე მიაღწია მაქსიმუმს და ამ პერიოდში მისი დამატებით გაზრდა არ იქნება მოსალოდნელი. თუკი ეკონომიკა მოსალოდნელი ტემპით გაიზრდება, მაშინ მიმდინარე წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის შემცირება შესაძლებელი გახდება, თუმცა ზუსტ ვადებს ვერ ვასახელებთ. თუ ინფლაცია მოულოდნელად დაჩქარდება ან ეკონომიკური ვითარება გაუარესდება, მაშინ თავს უფლებას მივცემთ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გავახანგრძლივოთ.

ცხადია, ფედერალურ რეზერვში კარგად გვესმის მონეტარული პოლიტიკის ზედმეტად ადრე შემცირების რისკებიც, ეს, სავარაუდოდ, მიღწეულ პროგრესს წყალში ჩაგვიყრის და ინფლაციის ტემპს აღდგენის საშუალებას მისცემს. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ დაგვიანებული ინტერვენციის რისკებსაც და ვფიქრობთ, რომ განაკვეთის ზედმეტად გვიან შემცირებით ეკონომიკას კრიტიკულად შენელების საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ფედერალური რეზერვი უწყვეტ რეჟიმში აკვირდება უახლეს მონაცემებს და გადაწყვეტილებებს სწორედ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე იღებს, ამიტომ FED-ის სამომავლო გადაწყვეტილება პირდაპირ იქნება დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრების მედიანური პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-დან 4.6%-მდე შემცირდება, ხოლო 2025 წლისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3.9%-ით განისაზღვრება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის FED-ის მიერ დამტკიცებული სტრატეგია და ეს რიცხვები გარდაუვალ ჭეშმარიტებად არ უნდა იქნეს აღქმული, რადგან ამ პროგნოზის გამართლება პირდაპირ იქნება დამოკიდებული ეკონომიკურ მდგომარეობაზე“.

FED-ის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჯერომ პაუელს შეკითხვა დაუსვეს, FED-ის და კონგრესის ურთიერთობას უკავშირდებოდა. რამდენად ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფედერალური რეზერვი კონგრესმენების პოზიციას და გრძნობენ თუ არა უწყების ხელმძღვანელები თავიან პასუხისმგებლობას სოციალურ საკითხებთან მიმართებით? - ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პაუელი ასე პასუხობს:

„აშშ-ის კონგრესი ფედერალური რეზერვის ზედამხედველი უწყებაა და ჩვენ ამ მოცემულობას ვაცნობიერებთ და პატივს ვცემთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონგრესის მიმართ გარკვეული ვალდებულებები გვაქვს, მონეტარული პოლიტიკის გატარების პროცესში FED-ი აბსოლუტურად დამოუკიდებელია და მის გადაწყვეტილებაზე ვერცერთ კანონმდებელს თუ პოლიტიკოსს ვერ ექნება გავლენა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ცხადია, გვესმის, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე აქვს გავლენა, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი უმოქმედობის გასამართლებელი მიზეზი. FED-მა უნდა მიიღოს რთული გადაწყვეტილებები და მისი საბჭოს წევრებმა ამაზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი არა კონკრეტული პროექტების ან სოციალური საკითხების ხელშეწყობა, არამედ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და დასაქმების დონის გაზრდაა – სხვა ამოცანა ფედერალურ რეზერვს არ აქვს და, შესაბამისად, ვერც სხვა რამეზე აიღებს პასუხისმგებლობას“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ჯერომ პაუელმა ისაუბრა, ციფრულ დოლარს უკავშირდებოდა. FED-ის ხელმძღვანელს ჰკითხეს, თუ რატომ ცდილობდა უწყება CBDC-ის შექმნას, მაშინ, როცა ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესს გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული.

„ფედერალური რეზერვი ამჟამად ციფრული ვალუტის პოტენციალის შესწავლის პროცესშია, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა გავიგოთ, რამდენად გამოსადეგია ეს ტექნოლოგია და ღირს თუ არა მასზე მუშაობის გაგრძელება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ FED-ი, კონგრესის ნებართვის გარეშე, ცდილობს ციფრული დოლარის შექმნას და ამოქმედებას. იმისათვის, რომ ამერიკაში CBDC ამოქმედდეს, ტექნოლოგიის შესწავლის პროცესმა წარმატებით უნდა ჩაიაროს, ამის შემდეგ უნდა ინიციირდეს კანონპროექტი და ის უნდა დაამტკიცოს როგორც წარმომადგენლობითმა პალატამ, ასევე სენატმა და საბოლოოდ პრეზიდენტმა. ჯერჯერობით ჩვენ რასაც ვაკეთებთ, დაახლოებით ის არის, რასაც პლანეტის ნებისმიერი სხვა ცენტრალური ბანკიც აკეთებს და ეს არის CBDC-ის პოტენციალის შესწავლა. ციფრული დოლარის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერ ადრეა და როცა დრო მოვა, ამ გადაწყვეტილებას სწორედ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მიიღებს და არც ფედერალური რეზერვი ან სხვა ნებისმიერი უწყება“.