პლანეტის უდიდესი ბანკის, JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორი, ჯეიმი დაიმონი ამერიკის შეერთებული შტატებისა და, შესაბამისად, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია, რომელსაც სხვა ბევრ საქმესთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის 2007-2009 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედარებით მალე გადაწყვეტაში. ამასთან, ჯეიმი დაიმონი $4-ტრილიონიანი აქტივების მმართველი ბანკის დირექტორია, შესაბამისად ყველაფერი, რასაც ის ამბობს, გლობალურ ბაზრებზე დიდ გავლენას ახდენს. თუმცა ამგვარი პასუხისმგებლობის მიუხედავად, ჯეიმი დაიმონი არასდროს უშინდება საჯაროდ ლაპარაკს, რის გამოც, ამერიკელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთ დღეს, დაიმონმა საკუთარი თავი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა მოსინჯოს.
თუმცა მანამ, სანამ ეს დღე დადგება ან არ დადგება, ჯეიმი დაიმონი JPMorgan Chase-ის გენერალურ დირექტორად რჩება - ბანკისა, რომელიც გლობალური საბანკო-საფინანსო სექტორის მომავალს განსაზღვრავს. ამ თემაზე ჯეიმი დაიმონმა Bloomberg-თან ისაუბრა, რადგან ჟურნალისტმა Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის სიტყვები გაუხსენა, თითქოს “საბანკო საქმე საჭიროა, მაგრამ ბანკები - არა”. როგორც ჯეიმი დაიმონი ამბობს, საბანკო საქმე ადამიანისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას საფრთხე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც არ ემუქრება.
“მახსოვს, ბილი ამბობდა ბანკები დინოზავრები არიანო. ამ თემაზე 1997 წელს ვილაპარაკეთ და ფაქტია, რომ შეცდა. ეგ რომ უთხრათ, ალბათ, დაგეთანხმებათ კიდეც, მაგრამ ის არ ცდება იმაში, რომ ტექნოლოგია ყველაფერს ცვლის. შეცდომა ისაა, როცა თვითკმაყოფილი და ქედმაღალი ხარ და ფიქრობ, რომ რადგან დღეს დიდი ხარ, ხვალაც დიდი იქნები. თუმცა, მოდი ავხსნათ, რა არის ბანკინგი? ფულის შეხახვა, დისტრიბუცია, მოზიდვა და ფულის შესახებ კვლევების ჩატარება ის ფუნქციებია, რომელთა შესრულება ვიღაცას მაინც მოუწევს. ეს სერვისები არსად წავა და იმედი მაქვს, ამას უფრო და უფრო კარგად გავაკეთებთ, რისთვისაც ბევრ ტექნოლოგიას ვიყენებთ. თუმცა სულ ვფიქრობდი, რომ შესაძლებელია, ამ ფუნქციების ნაწილი გარკვეულმა ტექნოლოგიამ შეითავსოს. როგორც იცით, ხშირად დამიწერია, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ჩვენს ბიზნესში შემოდიან. ისინი ფინანსებს პლატფორმებში აშენებენ და მომხმარებლებს საბანკო სერვისებს სთავაზობენ - ისე, როგორც ეს Apple-მა გააკეთა. მათ, ცხადია, ამის უფლება აქვთ, რასაც არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ თუ ისინი გადაწყვეტენ, საკუთარი პოზიციის დამსახურებით ჩვენზე დომინაცია დაამყარონ, შევეწინააღმდეგები”, - განაცხადა ჯეიმი დაიმონმა.
JPMorgan Chase-ის გენერალურმა დირექტორმა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიისგან, Apple-ისგან წამოსულ საფრთხეებზეც ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ ბანკი და ტექნოლოგიური გიგანტი ჯერაც პარტნიორები არიან. Bloomberg-ის ჟურნალისტის კითხვაზე, აშინებს თუ არა მას Apple-ის ბანკად გადაქცევა, ჯეიმი დაიმონი ამბობს, რომ ეს ეგზისტენციალური საფრთხე არ არის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, JPMorgan Chaseი-ი და Apple-ი კონკურენტები გახდებიან.