მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა უპროცენტო განვადების BNPL-მოდელი გააუქმა

Apple Pay

ბოლო პერიოდში, Apple-მა არაერთი პროდუქტი გააუქმა, მათ შორის ისეთები, რომლებზეც არაერთი მილიარდი დოლარი დახარჯა. ასეთი პროექტების ჩამონათვალში მოხვდა, როგორც ავტომობილი, ასევე საწარმოო ხაზი, რომელსაც ახალი თაობის Apple Watch-ებისთვის microLED-დისპლეები უნდა შეექმნა. ორივე შემთხვევაში, ტიმ კუკის გუნდის გადაწყვეტილებას ასობით სამუშაო ადგილი შეეწირა, რამაც Apple-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი შემცირება გამოიწვია.

პროდუქტებთან ერთად, Apple-ი სერვისებსაც აქტიურად აუქმებს და უპროცენტო განვადების, ე.წ. “იყიდე ახლა, გადაიხადე მერე” მოდელზე უარის თქმა ამ ტენდენციის ერთ-ერთი მაგალითია. ეს მოდელი, რეალურად, დაახლოებით ისაა, რასაც მომხმარებელს ქართული კომერციული ბანკებიც სთავაზობენ, ნაწილ-ნაწილ და განაწილებით გადახდის შემთხვევაში. ამ ტიპის განვადება უპროცენტოა, ხოლო ადამიანს შეუძლია, პროდუქტის ღირებულება რამდენიმე თვის განმავლობაში დაფაროს. მარტივად რომ ვთქვათ, BNPL-მოდელი წმინდა ფინანსური პროდუქტია და Apple-ისთვის მისი მუდმივად მხარდაჭერა უბრალოდ კომერციულად არამოგებიანი იყო, მით უმეტეს, რომ ასეთივე პროდუქტი არაერთი ფინანსურ კომპანიას აქვს.

თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება რეალურად არაფერს ცვლის და გეზი, რომელიც Apple-მა გარკვეულწილად ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიად გადაქცევის მიმართულებით აიღო, ჯერაც აქტიურია. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბანკთან, Goldman Sachs-თან პარტნიორობით Apple-მა დეპოზიტების მიღება დაიწყო და დღემდე, $10 მილიარდი მოიზიდა. ასეთი წარმატების მთავარ მიზეზად ის მაღალი საპროცენტო განაკვეთი უნდა ჩავთვალოთ, რომელსაც Apple-ი მის მომხმარებლებს სთავაზობს. თუ თავდაპირველად, ამერიკული კომპანია დეპოზიტარებს წლიურ 4.15%-იან სარგებელს სთავაზობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 4.5%-მდე გაიზარდა, რაც ინდუსტრიის საშუალოს აღემატება.

რაში სჭირდება Apple-ს საბანკო სერვისების ინტეგრირება და საბოლოო ჯამში, ბანკად გადაკეთება? . საქმე ისაა, რომ Apple-ის პროდუქტები და სერვისები მსოფლიოში ძალიან ფართოდაა გავრცელებული, რაც კომპანიას უაზარმაზარ სამომხმარებლო ბაზას აძლევს. შედეგად, ფინანსური სერვისების დასანერგად კომპანიას არსებული მომხმარებლების, ანუ არსებული კრიტიკული მასის გამოყენება შეუძლია. ამ მხრივ მარტივი ლოგიკა მოქმედებს: თუ iPhone-ებს გადახდებისთვის ისედაც ვიყენებთ, ბარემ შუამავალი ბანკის ფუნქცია შევამციროთ და საქმიანი ფინანსური ურთიერთობა პირდაპირ Apple-თან დავიჭიროთ. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის, ასევე Apple-ის საკუთრებაშია.

ამასთან, ბანკად გადაკეთების შესაძლებლობას Apple-ს მისი მაღაზიების გეოგრაფიული მდგომარეობაც აძლევს. მსოფლიოში 500-ზე მეტი ოფიციალური Apple Store-ი მოქმედებს და თითოეულ მათგანს, საჭიროების შემთხვევაში, საბანკო სერვისების შეთავსება ძალიან მარტივად შეუძლია. თუმცა ნეობანკების განვითარებასთან ერთად, საცალო მომხმარებლების ფილიალებს აღარ იყენებენ, ხოლო მათ როლს აპლიკაციები იკავებს. ყველაფრის მიუხედავად, ეს ის სფეროა, სადაც Apple-ი ასევე ერთ-ერთ ლიდერია. შედეგად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ რამდენიმე წელიწადში, Apple-ი ბანკად ოფიციალურად გადაკეთდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები