აზერბაიჯანის დედაქალაქი გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას (COP29) მასპინძლობს. სამიტი ოფიციალურად 11 ნოემბერს გაიხსნა და 22 ნოემბერს დასრულდება.
მხარეთა კონფერენცია (COP) ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის თავმჯდომარეც როტაციით ირჩევა 5 რეგიონს შორის. წელს, მონაწილეებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ.
რაც განიხილავენ COP29-ზე?
სამიტი მიჩნეულია შესაძლებლობად კლიმატის კრიზისის დასაძლევად ქმედებების დაჩქარებისთვის.
ლიდერები იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა შეიზღუდოს გლობალური ტემპერატურის გრძელვადიანი მატება და როგორ შეუძლიათ ქვეყნებს დაეხმარონ შედარებით პატარა და ღარიბ ერებს კლიმატის ცვლილების მზარდ გავლენასთან გამკლავებაში.
ამასთან, COP29-ის ძირითადი აქცენტი იქნება ფინანსებზე, რადგან ქვეყნებს ტრილიონობით დოლარი სჭირდებათ სათბური აირების ემისიების მკვეთრად შესამცირებლად და სიცოცხლისა და საარსებო წყაროს დასაცავად კლიმატის ცვლილების გაუარესებული ზემოქმედებისგან.
კონფერენცია ასევე იქნება საკვანძო მომენტი ქვეყნებისთვის, რათა წარმოადგინონ თავიანთი განახლებული ეროვნული კლიმატის სამოქმედო გეგმები პარიზის შეთანხმების ფარგლებში.
ვინ ესწრება COP29-ს?
გაეროს მონაცემებით, რეგისტრირებული მონაწილეების დროებით სიაში 66 778 ადამიანია. ეს მოიცავს ყველას, მთავრობის მეთაურებიდან, უსაფრთხოების თანამშრომლების და მედიის ჩათვლით. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 83 884 ადამიანს, ვინც ესწრებოდა შარშანდელ მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თუმცა აღემატება სხვა წლების მონაწილეებს. უნდა აღინიშნოს, რომ დამსწრეთა რაოდენობა ბოლო წლებში სწრაფად იზრდება: Cop27-ს დაახლოებით 49 704 დელეგატი ესწრებოდა, ხოლო Cop26-მა გლაზგოში უმასპინძლა 38 457-ს ადამიანს.
გაეროს კლიმატის ცვლილების წლევანდელ კონფერენციას მრავალი მსოფლიო ლიდერი გამოტოვებს. მათ შორის, სამიტზე არაა აშშ-ის პრეზიდენტი. შეერთებული შტატების დელეგაციას ჯონ პოდესტა ხელმძღვანელობს, პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი კლიმატის საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მეორე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველი ვადის დროს, ქვეყანა პარიზის შეთანხმებიდან გამოიყვანა და სავარაუდოა, რომ ამას კვლავ გააკეთებს.
ამასთან, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ გააუქმა COP29-ზე დასწრება გასულ თვეში მიღებული თავის ტრავმის გამო. კონფერენციას აღარ ესწრება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მას შემდეგ, რაც გასულ კვირას მისი მმართველი კოალიცია დაიშალა. ბაქოში არ იქნებიან ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდიც.
ამის მიუხედავად, დაგეგმილია 100-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურის დასწრება. გამომსვლელთა დროებითი სიის მიხედვით, მათ შორის ბარბადოსის, კოლუმბიის, იტალიის, კენიის, ესპანეთის, თურქეთის და საუდის არაბეთის ლიდერების.
ამასთან, კონფერენციას თალიბანის წარმომადგენლებიც ესწრებიან. Associated Press-ი წერს, რომ ავღანეთმა აზერბაიჯანში დელეგაცია 11 ნოემბერს გაგზავნა. ავღანეთი პირველად ესწრება გაეროს კლიმატის მოლაპარაკებებს მას შემდეგ, რაც 2021 წელს თალიბები ხელისუფლებაში დაბრუნდა. იმის გამო, რომ თალიბანი ოფიციალურად არ არის აღიარებული გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, ჯგუფს არ შეუძლია სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა პროცესებში. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ COP29-ის მასპინძელმა აზერბაიჯანმა მიიწვია ავღანეთის გარემოსდაცვითი სააგენტოს ოფიციალური პირები კონფერენციაზე დამკვირვებლებად, რაც მათ საშუალებას მისცემს "პოტენციურად მიიღონ მონაწილეობა პერიფერიულ დისკუსიებში და გამართონ ორმხრივი შეხვედრები".
გარდა ოფიციალური პირებისა, კონფერენციას ესწრებიან კერძო სექტორის, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები, ექსპერტები და ა.შ.
საქართველოს დელეგაცია COP29-ზე
ბაქოში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. ირაკლი კობახიძე სამიტს 11-13 ნოემბერს დაესწრება. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა COP29-ის ლიდერთა სამიტზე, ასევე პანელურ დისკუსიებზე, რომლებიც სხვადასხვა თემაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
11 ნოემბერს, კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.