მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას გულისხმობს ეროვნული შეფასება სკოლებში და ჩაანაცვლებს თუ არა ის ეროვნულ გამოცდებს?

განათლების სამინისტრო

ალბათ ყველა თანხმდება, რომ სკოლებში აუცილებელია დავაბრუნოთ ე.წ ეროვნული შეფასება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია, ბავშვის, მასწავლებლის, სკოლის ადმინისტრაციის, სამინისტროს და მთელი ქვეყნისათვის.

"ალბათ ყველა თანხმდება, რომ სკოლებში აუცილებელია დავაბრუნოთ ე.წ ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ მასწავლებელმა იცოდეს რა შედეგებზე გადის ის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია, განათლების სამინისტროს, სისტემის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ აქტიურად დავიწყეთ პროცესი, რომელიც გულისხმობს, პირველ ეტაპზე მე-6 და მე-9 კლასებში შემოვიღოთ ე.წ სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომელიც სისტემას მისცემს ნათელ სურათს, თუ როგორ ვითარდება, რა დახვეწა და განვითარება სჭირდება სწავლას. ასევე გვინდა მე-12 კლასში უკვე იყოს განმსაზღვრელი შეფასება. ვფიქრობთ, შეფასებაში მოაზრებული იქნება ბავშვის ტრანზიციას სკოლიდან უმაღლეს ან პროფესიულ განათლებაში", - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ პროცესი გაწერილია 2-3 წელზე და მოიცავს პილოტირებას და დანერგვის ეტაპებს. მისივე თქმით, პროცესი 2024 წელს დაიწყება და 2027 წელს დასრულდება.

პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებმა განათლების მინისტრს ჰკითხეს, სკოლაში ეროვნული შეფასების სისტემის დანერგვა ხომ არ ნიშნავს, რომ ეროვნული გამოცდები გაუქმდება.

ამილახვარს თქმით, ამ ეტაპზე რეფორმის ასე, ამ ფორმით დაანონსება არ არის მართებული.

"ჩვენ დღეს ვთქვით, რომ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ეროვნულ შეფასებაზე. სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს არანაირი განმსაზღვრელი შეფასება. ახალი რეფორმით კი, სკოლა დაიბრუნებს თავის ძირეულ ფუნქციას. ეს აუცილებელია, რომ სასკოლო საზოგადოება ხედავდეს საკუთარი განვითარების კონტურებს.

რაც შეეხება იქნება თუ არა ეს ეროვნული გამოცდების ჩამნაცვლებელი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, თუ როგორი უნდა იყოს ბავშვის ტრანზიცია უმაღლეს განათლებაში. ამიტომ, ამის ასე დაანონსება, რომ ეროვნული გამოცდები ჩანაცვლდება, ამ ეტაპზე არ იქნება მართებული" - უპასუხა ამილახვარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები