მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას გვიყვება საქართველოს ტურიზმი 2024 წლის ოფიციალური სტატისტიკა - გიორგი ბრეგაძის ანალიზი

სს

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის პროფესორი გიორგი ბრეგაძე 2024 წლის ტურიზმის ოფიციალურ სტატისტიკას აანალიზებს. როგორც მან BMGT-ის გადაცემა „წერტილში“ თქვა, ტურიზმის სტრატეგიაში გაწერილი მიზანი, შესრულებული არ არის, რადგან ვიზიტორების ზრდა დსთ-ის ქვეყნებიდან არის და არა - ევროკავშირის.

"რუსეთიდან ვიზიტორების ზრდა რისკებს შეიცავს. ზრდა აღინიშნება დსთ-ის ქვეყნებიდან, რაც სრულიად საწინააღმდეგოა იმ მიზნისა, რაც ტურიზმის სტრატეგიაში იყო გაწერილი. სტრატეგიაში დასახული იყო რომ, ევროკავშირის ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველიანი სეგმენტიდან ვიზიტები მაქსიმალურად უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების წილი დაახლოებით ისევ 7%-მდე მერყეობს. უმნიშვნელოდ არის გაზრდილი იმის ხარჯზე რომ აზერბაიჯანიდან არის ვიზიტები მნიშვნელოვნად შემცირებული.

არის ზრდა ისრაელიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან, რაც დიფერენცირებისთვის კარგია, თუმცა თუ გავიხსენებთ ტოპ-15 ქვეყანაში ვინ შედიოდა 2019 წელს და შევხედავთ ახლა ვინ შედის - მაგალითად, გასამმაგება უზბეკეთიდან გვაქვს, ტოპ-5 ქვეყანაში შემოვიდა და ადგილი დაკარგა აშშ-მ. აუცილებლად გვჭირდება ევროკავშირის ქვეყნებზე ორიენტაცია და აქედან ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა“, - განაცხადა მან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 5 091 732 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 9%-ია. ამასთან, გასულ წელს საქართველოში 7 368 149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 4.2%-იანი ზრდაა. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით კვლავ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 2024 წელს 1 42 1923 ვიზიტი შედგა, ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა. 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან 438 414 ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ვიზიტები მხოლოდ 4%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები