ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა და 6.4 მილიონს გადააჭარბა. 2019 წლის მაჩვენებელს ვიზიტორების რიცხვი ჯერ არ დაბრუნებია და 16%-იანი ჩამორჩენა აქვს. ტურისტული ვიზიტები თითქმის 5.1 მლნ იყო, რაც 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 9.2%-ით 1 364 332-მდეა შემცირებული.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებით კვლავ რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 2024 წელს 1 42 1923 ვიზიტი შედგა, წლიურ ჭრილში ზრდა უმნიშვნელო 0.2%-ია.
ყველაზე მეტი ვიზიტი 2024 წელს შემდეგი ქვეყნებიდან იყო:
- რუსეთი - 1 421 923 (ზრდა 0.2%);
- თურქეთი - 1 336 834 (კლება 4.3%);
- სომხეთი - 948 299 (კლება 1.5%);
- ისრაელი - 310 982 (ზრდა 43.3%);
- აზერბაიჯანი - 219 356 (ზრდა 9.8%);
- ყაზახეთი - 178 930 (ზრდა 6.8%);
- ირანი - 145 670 (ზრდა 15.4%);
- ბელარუსი - 140 536 (ზრდა 7.9%);
- ინდოეთი - 124 335 (ზრდა 46.8%);
- უკრაინა - 118 528 (კლება 19.3%);
- ჩინეთი - 88 583 (ზრდა 83.4%);
- საუდის არაბეთი - 88 298 (ზრდა 21%);
- გერმანია - 78 644 (ზრდა 14.3%);
- პოლონეთი - 66 504 (კლება 27.1%);
- უზბეკეთი - 64 259 (ზრდა 23.4%).
როგორც სტატისტიკიდან ჩანს ევროკავშირის ვერცერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან 438 414 ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ვიზიტები მხოლოდ 4%-ით არის გაზრდილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეთოდოლოგიით, ვიზიტორი 15 წლის ან უფროსი ასაკის პირია, რომელიც ქვეყნიდან ერთ წელზე ნაკლები დროით გავიდა. ვიზიტორებში არ შედიან: დასაქმების მიზნით წასულები; დიპლომატები; შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები. ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც, სულ მცირე, ერთი ღამე მაინც გაათენა უცხო ქვეყანაში; ერთდღიანი ვიზიტორი (ექსკურსანტი) არის ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე.