მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ჰპირდება საქართველო აშშ-ს? - მთავრობამ სახ. დეპს “დემოკრატიის სამიტის” რეფორმების გეგმა გაუგზავნა

620c0fce03523
შოთა ტყეშელაშვილი
16.02.22 00:34
1112
2021 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით მსოფლიო დემოკრატიის სამიტი გაიმართა, რომელიც ძირითადად ონლაინ-ფორმატში შედგა. მას საქართველოს მხრიდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო იღებდა ვალდებულებას შეესრულებინა ისეთი დემოკრატიული რეფორმები, როგორიცაა სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია. თავად სახელმწიფო დეპარტამენტმა 14 თებერვალს გამოაქვეყნა უშუალოდ წერილობითი გეგმები, რომლებიც დემოკრატიის განვითარების მხრივ ქვეყნებმა ამ სამიტის ფარგლებში დასახეს. მათ შორისაა საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი გეგმაც, რომელიც შედარებით უფრო დეტალურად აღწერს განსახორციელებელ რეფორმებს. დოკუმენტის თანახმად, საქართველო “სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, ასევე ვენეციის კომისიის და ოდირის რეკომენდაციების” საფუძველზე გაატარებს სასამართლო რეფორმას, რაც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების პროცედურას ეხება.

საინტერესოა, რომ თავად დემოკრატიის სამიტი 10 დეკემბერს გაიმართა, ხოლო აქამდე 14 დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. კანდიდატთა შერჩევის გაუმჭვირვალე და დაჩქარებული პროცესის გამო, 2021 წლის 26 ნოემბერს საქართველოში აშშ-ის საელჩომ კრიტიკული განცხადებაც გამოაქვეყნა.

თუმცა, საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი დოკუმენტი უზენაესი მოსამართლეების დანიშვნის პროცედურას საერთოდ არ ეხება და მასში საუბარია მხოლოდ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნაზე. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის წესებს ეხებოდა ე.წ. “შარლ მიშელის” შეთანხმებაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო, იქამდე კი ქვეყანას ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის შენიშვნების საფუძველზე განახლებული კანონმდებლობა მიეღო. თუმცა, 28 ივლისს მმართველი პარტია ამ შეთანხმებიდან გავიდა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი კვლავინდებურად გააგრძელა, რასაც ევროკავშირის და აშშ-ს კრიტიკა მოყვა.

შესაბამისად, ამჟამად საქართველოს მთავრობის მიერ აშშ-სთვის გაგზავნილი გეგმა სასამართლო რეფორმის თაობაზე არის ბევრად უფრო მცირე მასშტაბის, ვიდრე ის პირობა, რის განხორციელებასაც თავად მმართველმა პარტიამ მოაწერა ხელი 2021 წლის 19 აპრილს და შემდეგ მასზე უარი თქვა. ანალოგიურად, ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი ცვლილებების გატარებას მოიცავდა "შარლ მიშელის" შეთანხმება საარჩევნო რეფორმის მიმართულებითაც, თუმცა, ამჟამად საქართველოს მთავრობა სახ. დეპისთვის გაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, უფრო მცირე ცვლილებების გატარებას დათანხმდა. 

ახალი რეფორმების გეგმა ასეთია:

სამართლებრივი რეფორმა:

შემდგომი სასამართლო რეფორმის განხორციელება სასამართლო რეფორმის წინა ტალღების განხორციელების სიღრმისეული შეფასების საფუძველზე. რეფორმა განხორციელდება ინკლუზიური პროცესით, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, აგრეთვე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების აქტიური მონაწილეობით. ვენეციის კომისიის და ODIHR-ის დასკვნები, ისევე როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, სათანადოდ იქნება გათვალისწინებული.

რეფორმა მიზნად ისახავს:

- პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნისას გამჭვირვალობისა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის შემდგომი გაძლიერება;

- მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნების შესახებ კანონმდებლობა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილებასთან იქნება შესაბამისობაში.

ეს რეფორმები მიღებული იქნება არაუგვიანეს 2022 წლის გაზაფხულის საპარლამენტო სესიაზე.

საარჩევნო რეფორმა:


გააგრძელოს ძალისხმევა, რათა ინკლუზიური პროცესის და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით გაუმჯობესდეს საარჩევნო კოდექსი. პროცესი დაფუძნებული იქნება 2021 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების მიგნებებზე, მასში ODIHR-ის რეკომენდაციები სათანადოდ იქნება გათვალისწინებული.

ადამიანის უფლებები:

მოწოდებული ვართ 2022 წლის პირველ ნახევარში მივიღოთ ადამიანის უფლებათა მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც გააძლიერებს სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს საქართველოში. ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია ასახავს თანასწორობის კონსტიტუციურ გარანტიებს და უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობას დისკრიმინაციის გარეშე. ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დევნილთა და ლტოლვილთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ისევე როგორც ადმინისტრაციულ საზღვართან და მის მიღმა მცხოვრები ადამიანების უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც მუდმივად განიცდიან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას;

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღება 2022 წლის პირველ ნახევარში;

2022 წლის პირველ ნახევარში გაეროს უშიშროების საბჭოს 1325-ე რეზოლუციის განსახორციელებლად ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღების ვალდებულება;

2022 წლის პირველი კვარტლისათვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ეროვნული კონცეფციის დოკუმენტის დასრულება და მიღება,”- ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა.

დემოკრატიის სამიტზე მიწვეული იყვნენ სრული და გარდამავალი დემოკრატიის მქონე ქვეყნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები