საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ფქვილზე არსებული საიმპორტო გადასახადის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხორბლის, ფქვილისა და პურის ბაზარზე საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 12 ივნისიდან -2024 წლის 1-ელ მარტამდე იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო საფასურის დაწესებას დადებითი ეფექტი ჰქონდა, სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით კი აუცილებელია მისი გაგრძელება.
დადებით ეფექტზე მეტყველებს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც 2023 წელს საქართველოში ხორბლის იმპორტის მოცულობა გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანაში 57 მილიონ 673 ათასი დოლარის ღირებულების 222 061 ტონა ხორბალი შემოვიდა. ხორბლის იმპორტის მოცულობის 20.6%-იანი ზრდის მიუხედავად, ღირებულება წლიურად 11.1%-ით შემცირდა, რაც მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირებამ განაპირობა.
სტუმარი: ლევან სილაგავა - „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი;