Reuters-ის ინფორმაციით, ალასკაში ჩატარებულ ისტორიულ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების თავისი ხედვა გააცნო. “მიწა მშვიდობის სანაცვლოდ” - ასე შეიძლება ეწოდოს იმ შეთავაზებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე რეგიონებიდან, კერძოდ, სუმიდან და ხარკოვიდან ჯარებს გაიყვანს, თუ ქვეყანა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებს, მათ შორის ჯერ არ დაკავებულ ნაწილებს დათმობს. ამასთან, ფრონტის ხაზი გაიყინება სამხრეთ უკრაინის ორ ოლქში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში. შესაბამისად, 2 მცირე ტერიტორიიდან გასვლის და 2 ოლქში ფრონტის გაყინვის სანაცვლოდ რუსეთს მთლიანი დონბასი სურს.
პუტინის კიდევ ერთი მოთხოვნა ანექსირებული ყირიმის რუსეთის ნაწილად ოფიციალურად აღიარებაა. ალასკას სამიტზე მან შტატების ლიდერს სანქციების ნაწილობრივ მოხსნაც მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ პუტინის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო შეთანხმებაში უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაც შედის, თუმცა რუსული მხარე აქვე დასძენს, რომ ეს ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების გარეშე უნდა მოხდეს. ცნობისთვის, უსაფრთხოების გარანტიების მიცემის მიმართ მზაობა ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპმაც გამოხატა.
რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნები მხოლოდ ტერიტორიული თუ სამხედრო თემით არ შემოფარგლულა. Reuters-ის წყაროს ცნობით, პუტინი რუსული ენის სახელმწიფო ენად დაბრუნებასაც ითხოვს და მოითხოვს, უკრაინის ხელისუფლებამ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინულ ფრთას ქვეყანაში საქმიანობის უპრობლემოდ გაგრძელების უფლება მისცეს.
რაც შეეხება ამ მოთხოვნებზე უკრაინის პოზიციას, როგორც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსგავს შეთანხმებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. უკრაინის ლიდერი წარმოდგენილ საკითხებს ორშაბათს, ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე დონალდ ტრამპთან ერთად განიხილავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Reuters-ის წყარო არ აკონკრეტებს, პუტინის შეთავაზება საბოლოოა თუ მხოლოდ საწყისი წინადადებაა მოლაპარაკებებისთვის.




























