მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ითვალისწინებს საქართველო-გერმანიას შორის გაფორმებული მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება? - შსს-ს განმარტება

გერმანია
21.12.23 18:37
1078

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება 19 დეკემბერს გაფორმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო შეთანხმების შესახებ დამატებით განცხადებას ავრცელებს და ამ თანამშრომლობის მიზნობრიობასა და შინაარსს განმარტავს.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით გვსურს განმარტება გავაკეთოთ მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ.

გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.

შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც შედის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში.

შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურების სფერო.

შეთანხმება ასევე, ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებისა და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით. კონკრეტულად იგეგმება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევარების გაცვლით პროგრამებს.

მოცემული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცირკულარული მიგრაციისა და შრომითი ლეგალური მიგრაციის გაძლიერება, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა.

სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე“. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. „ბალკანური მოდელი“ არ წარმოადგენდა განხილვის საგანს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით მისასალმებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები