ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ კერძო და სახელმწიფოს პარტნიორობა ხანგრძლივი სამოქმედო გეგმის ნაწილი უნდა იყოს, დავით სერგეენკოს თქმით, წინასწარ შეთანხმებული თანამშრომლობა სამ სექტორთან: ფარმა ინდუსტრიასთან, ჰოსპიტალურ სექტორთან და სადაზღვევო სექტორთან არის წარმატების საწინდარი.
"კერძო და სახელმწიფოს შორის სწორ პარტნიორობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს და ამავდროულად პოზიტიური მისია აკისრია, რადგან ყველაზე განვითარებულ ქვეყანასაც კი არ შეუძლია, დამოუკიდებლად იტვირთოს ჯანდაცვის ხარჯები. ამ თანამშრომლობის ბევრნაირი მოდელია ცნობილი, თუმცა კერძო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხანგრძლივ პერსპექტივაში ცნობილი იყოს თანამშრომლობის წესები, მეორეს მხრივ სახელმწიფო ვალდებულია, რომ რაც უფრო ფართოა კერძო სექტორის ხვედრითი წილი ჯანდაცვაში, მით მეტი რეგულაცია შემოიღოს, თუმცა ეს რეგულაციებიც ერთის მხრივ ანელებს მუშაობას.
შესაბამისად, პროგნოზირებადობა, ხანგრძლივი სამოქმედო გეგმა და რეგულაციები ცნობილი უნდა იყოს კერძო სექტორისთვის, ხოლო კერძო სექტორმა უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფო მხარდაჭერა. " ამბობს დავით სერგეენკო.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, გადაცემაში "ჯანდაცვის სტანდარტი" აღნიშნავს, რომ საქართველოში 85%-ზე მეტი კერძო კლინიკაა, თუმცა ამ პროპორციას ისეთი წამყვანი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც შეთანხმებით მუშაობას.
" მაგალითად, ფარმა ინდუსტრიაზე ვისაუბროთ: როდესაც სახელმწიფო ცდილობს ფინანსური ბარიერი დაუწიოს მოქალაქეებს მედიკამენტებზე და აკეთებს გარკვეული რაოდენობის მედიკამენტების შესყიდვას, ამან მედიკამენტი უნდა გააიაფოს, რადგან ფარმა კომპანიებს ასეთ დროს უმცირდებათ ან საერთოდაც უნულდებათ საკმაოდ დიდი პროცენტი, რაც მანამდე მარკეტინგისთვის და აკვიზიციისთვის უნდა მიემართათ. ასეთი პროგნოზირებული და წინასწარ შეთანხმებული თანამშრომლობა, სამ სექტორთან: ფარმა ინდუსტრიასთან, ჰოსპიტალურ სექტორთან და სადაზღვევო სექტორთან არის წარმატების საწინდარი, რომ შეიქმნას სისტემა,რომელიც კატასტროფული ხარჯებისგან და რისკებისგან აზღვევს უკლებლივ ყველა მოქალაქეს.
ინდუსტრიაში მთავარია წესები, როგორ ითანამშრომლებს კერძო და სახელმწიფო ერთმანეთთან. საქართველოში 85%-ზე მეტი კერძო კლინიკაა, თუმცა ამ პროპორციას ისეთი წამყვანი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც შეთანხმებით მუშაობას." აღნიშნა დავით სერგეენკომ "ჯანდაცვის სტანდარტში"
კითხვაზე, რა არის ოქროს შუალედი კერძო და სახელმწიფო თანამშრომლობაში და რას მიიჩნევს ეფექტურ მოდელად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ჯანდაცვაში საჭიროა შეიქმნას ხარისხის მაღალი თამასა, რასაც შემდეგ ყველა უნდა გაუსწორდეს.
"ჩვენს რეალურ მოცემულობაში, ყველაზე შედეგის მომტანი იქნებოდა, რამდენიმე ე.წ საყრდენი, სანიმუშო კლინიკის ჩამოყალიბება, როგორც ინფრასტრუქტურულად აღჭურვილი, ასევე უნდა გაკეთდეს ინვესტიცია, რომელიც გამოცდილ მმართველ გუნდს მოიწვევს კლინიკების სამართავად, კლინიკების რაოდენობა შეიძლება შეთანხმებით მოხდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ქვეყნის მასშტაბით ასეთი 3 კლინიკაც საკმარისია, რაც შექმნის ხარისხის მაღალ თამასას და ამ სიტყვის კარგი გაგებით, აიძულებს ყველა სხვას, ამ თამასას გაუსწორდნენ.
მაგალითიც რომ მოვიშველიოთ, 2014 წელს რაიონული სასწრაფო დახმარების სამსახური საერთოდ არ არსებობდა და კატასტროფის მედიცინა, რომელსაც პაციენტები ქალაქიდან ქალაქში გადაჰყავდა, იყო უკიდურესად ამორტიზებული და აუღჭურვავი ავტოპარკით წარმოდგენილი, ამაში სახელმწიფო საერთოდ არ მონაწილეობდა, აქ იყო 100% კერძო კომპანიები. ამავე წელს, ჩვენ სწორედ ეს გავაკეთეთ, შევქმენით სანიმუშო თამასა, შევიძინეთ რამდენიმე რეანიმობილი, ავღჭურვეთ იმ სტანდარტით რაც არის საერთაშორისოდ მიღებული, კარგად გადავამზადეთ პერსონალი და შევედით ამ კონკურენციაში კერძო კომპანიებთან, და ვაიძულეთ ისინი ამ თამასას გასწორებოდნენ. ეს იყო უაღრესად შედეგიანი ინვესტიცია. ასეთი თვისობრივი, ხარისხობრივი სანიმუშო თამასების შექმნა, რომელსაც ყველა დანარჩენი გაუსწორდება, მთავარი წარმატებაა ჯანდაცვაში." ამბობს დავით სერგეენკო




























