მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოახმარს Arena Games-ი GITA-ს 150,000-ლარიან გრანტს? - მარი გიორგობიანის განმარტება

Arena Games

ქართული ტექნოლოგიური კომპანია Arena Games-ი, რომელიც ტრადიციული თამაშების დეველოპერებს ვიდეოთამაშების ბლოკჩეინზე ინტეგრაციაში ეხმარება, ერთ-ერთია იმ ოცი ქართული სტარტაპიდან, რომლებმაც “საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს” მიერ გამოცხადებულ 150,000-ლარიან თანადაფინანსების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს.

“საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს” კონკურსის და მიღებული გრანტის მიზნობრიობის შესახებ Arena Games-ის თანადამფუძნებელმა და საოპერაციო დირექტორმა, მარი გიორგობიანმა TECH INFORM-ში ისაუბრა. მისი თქმით, GITA-ს საგრანტო პროგრამაში მოხვედრა Arena Games-ის გუნდს დიდი ხნის განმავლობაში სურდა.

“GITA-ს გრანტის მიღება ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ამბავია, რადგან Arena Games-ით პროგრამაში მოხვედრას დიდი ხანი ვცდილობდით. საინტერესო გამოცდილება იყო, ხოლო ჩვენთან ერთად პროგრამაში მონაწილეობა ბევრმა საინტერესო სტარტაპმა მიიღო. მიხარია, რომ GITA-ს დახმარებით, საქართველოში ტექნოლოგიური სფერო ასე განვითარდა.

ჩვენთვის, ეს საინტერესო გამოცდილება იყო. ფინალურ სტადიაზე გადასვლის შემდეგ ტრენინგები დაიწყო, რომლის დროსაც, ხუთი წლის განმავლობაში, საინვესტიციო კომისიის წინ გამოსვლას, ე.წ. “პიჩინგს” გვასწავლიდნენ და სტარტაპებისთვის ფუნდამენტურად საჭირო ცოდნას გვიზიარებდნენ.

მოგვიანებით, თელავში უშუალოდ პრეზენტაცია გაიმართა, რაც ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ტრადიციულ ინდუსტრიას არ წარმოვადგენთ, რის გამოც ტრადიციული ინვესტორების მხრიდან უკუკავშირის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა მარი გიორგობიანმა TECH INFORM-ში სტუმრობისას.

როგორც Arena Games-ის თანადამფუძნებელი ამბობს, გრანტის სახით მიღებულ 150,000 ლარს კომპანია მარკეტინგისთვის გამოიყენებს.

“მიღებული თანხის დახარჯვას მარკეტინგში ვგეგმავთ და, ზოგადად, ეს ალბათ ყველაზე დიდი ბიუჯეტის სტადიაა ყველა სტარტაპისთვის, რადგან პლატფორმაზე უფრო მეტი მომხმარებლის შემოყვანა ასე ხდება, რაც მნიშვნელოვანია სერვისის განვითარებისთვის. მარკეტინგის გარდა, თანხას თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდისთვისაც გამოვიყენებთ”, - განაცხადა მარი გიორგობიანმა TECH INFORM-ში.

შეგახსენებთ, რომ Web3-ის სფეროში, Arena Games-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელმაც 2022 წლის დეკემბერში, ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის თემატიკის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონფერენციის, AIBC-ის ფარგლებში ჩატარებულ სტარტაპ-კონკურსში, GameFi Pitch-ში გაიმარჯვა. ამასთან, Arena Games-ი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, კალიფორნიული 500 Global-ის ქართული პროგრამის, 500 Georgia-ს კურსდამთავრებულიცაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები