მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიცავს ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა? - კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

64c75d9603b75
BM.GE
31.07.23 11:15
111
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

„18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის“ პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულები გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ, თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრისა“ „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრის“ ხელმძღვანელებმა მოაწერეს.

ღონისძიების ფარგლებში, ეკატერინე ფესტვენიძემ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამის პრეზენტაციაც გამართა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს აძლევს. პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელებმაც - ღონისძიების სტუმრებს, თავიანთი სამედიცინო დაწესებულებები და ამ დაწესებულებებში, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, არსებული შესაძლებლობები გააცნეს.

მისი განმარტებით, პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. პარტნიორ კლინიკებს შორის, პაციენტების განაწილება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება.

პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. პროგრამის განმახორციელებელია „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“, - იტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გასხნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები