მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიცავს ბაღების სააგენტოსა და ორგანიზაცია Save the Children-ის თანამშრომლობა, რომელიც 2024-2025 წლებში გაღრმავდება

განათლება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას „გადავარჩინოთ ბავშვები“ შორის არსებული თანამშრომლობა 2024-2025 წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება და ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელება, რისთვისაც სააგენტოსა და ორგანიზაციას შორის ორ წლიანი მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ორწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმს სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ და ორგანიზაცია Save the Children-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, თამარ გოლუბიანმა ხელი მოაწერეს. მისი მიზანი, სკოლამდელი და ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა, რაც მეთოდოლოგიურ გაძლიერებას, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტები უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება, თუმცა მასშტაბები ყოველ წელს იზრდება.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელსაც ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ თბილისის ბაღებში ახორციელებს, ე.წ. ჰართის (HEART) მეთოდოლოგიის ინტეგრირებაა. პროგრამა, რომელიც ხელოვნების გზით აღსაზრდელების განათლებასა და გაჯანსაღებას მიზნად ისახავს, უკვე დაინერგა დედაქალაქის 100 საბავშვო ბაღში, გადამზადებულია 700-მდე აღმზრდელი. წელს კი, ეს რიცხვი 500-ით გაიზრდება.

„ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი სიახლეებით გრძელდება. 2024-2025 წლებში, მემორანდუმის ფარგლებში, გათვალისწინებულია ადრეული და სკოლამდელი განათლების სექტორის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დაარსება და აღჭურვა, „ჰართის“ ტრენინგების ჩატარება და ცენტრის უწყვეტი ფუნქციონირების მხარდაჭერა. ჩვენი თითოეული პროექტის მიზანია სისტემის უწყვეტი განვითარება, პერსონალის მხარდაჭერა, საერთაშორისო სტანდარტებისა და სიახლეების დანერგვა“, - განაცხადა კახა აბულაძემ და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინიციატივებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მერიის ცნობით, სააგენტო და ორგანიზაცია ჰუმანიტარულ პროექტებს უკრაინიდან ლტოლვილი ოჯახების შვილებისთვის კვლავ გააგრძელებს და გააფართოებს, სადაც 900-მდე ბავშვმა მომსახურება უკვე მიიღო, სასკოლო მზაობის პროგრამას კი 70 ბავშვი გაივლის. გარდა ამისა, მხარეები, ერთობლივი სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებაც შეთანხმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები