მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას მოიცავს რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა? - მიქანაძის პასუხი

პარლამენტი

განათლების მინისტრის განცხადებით, რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქის ახალი პროექტის ფარგლებში მოეწყობა მაღალი სტანდარტის ხელმისაწვდომი საცხოვრებლები, უნივერსიტეტები, პროფესორ-მასწავლებლების განთავსებისთვის განკუთვნილი ოთახები, რეკრეაციული ზონები ანუ ყველაფერი ის რაც სასწავლო პროცესის წარმოებისთვის არის საჭირო. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გივი მიქანაძემ BMG-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსთავში თანამედროვე კომპლექსი აშენდება.

საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონი ლარია, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და მათი გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება - 210 მილიონი ლარი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, განხორციელდება 2026–2032 წლებში.

„რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ სწორედ იმისთვის ვაშენებთ თანამედროვე კომპლექსს, რომ ძირითადი უნივერსიტეტები და მათი ინფრასტრუქტურა მთლიანად იქ გადავიდეს. აქ ფაკულტეტების გადასვლა, პროფესორ-მასწავლებლებისთვის სამუშაო ოთახების არსებობა იგულისხმება, რაც დღეს თითქმის არ გვაქვს... ასევე, მაღალი სტანდარტის დაბალფასიანი საცხოვრებელი კომპლექსების, რეკრეაციული სივრცეების და ყველა იმ სივრცის არსებობა იგულისხმება, რაც სტუდენტური ცხოვრებისთვის და სწავლა-სწავლების პროცესისთვის უმაღლესი განათლების კონტექსტში მნიშვნელოვანია. ამიტომ, დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები სრულიად თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე გვინდა გადავიყვანოთ და ისინი უფრო მიმზიდველი, უფრო ძლიერი გავხადოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად განვითარდეს, არამედ სასწავლო პროცესისთვის არსებობდეს ის გარემო, რაც ხარისხისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები