ავსტრალიურმა და თურქულმა ენერგოკომპანიებმა, Woodside-მა და BOTAS-მა შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, გათხევადებული ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ლიდერი ავსტრალიური კომპანია თურქულ სახელმწიფო ენერგოკომპანიას 5.8 მილიარდ კუბურ მეტრ LNG-ს მიაწვდის. კონტრაქტის თანახმად, პროცესი 2030 წელს დაიწყება და 9 წელს გაგრძელდება.
ცნობისთვის, ავსტრალიური კომპანია გათხევადებულ გაზს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აწარმოებს. სწორედ ამერიკაში არსებული Louisiana LNG-ის მარაგებიდან მიიღებს თურქული BOTAS-ი ბუნებრივ აირს.
შეთანხმებას გამოეხმაურა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი და განაცხადა, რომ ორ მხარეს შორის თანამშრომლობა შეიძლება გასცდეს გათხევადებულ გაზის იმპორტს და სტრატეგიულ პარტნიორობად გარდაიქმნას. ამ ნაბიჯით კი თურქეთს ტრადიციულ იმპორტიორებზე დამოკიდებულების შემცირება და დივერსიფიცირება შეიძლება სურდეს.




























