ენერგეტიკული სექტორის ამერიკულ გიგანტ, Chevron-სა და უნგრეთის ხელისუფლებას შორის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
არსებული ინფორმაციით, გარიგება ქვეყნისთვის 2 მილიარდი კუბური მეტრი გათხევადებული ბუნებრივი აირის, იგივე LNG-ს მიწოდებას მოიცავს.
უნგრეთის პირველი დიპლომატის, პიტერ სიარტოს განცხადებით, Chevron-თან დადებული შეთანხმება ორ სახელმწიფოს შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. ამასთან, ქვეყანა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას დამატებით შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ვიდრე უნგრეთსა და Chevron-ს შორის გარიგება დაიდებოდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორბანის ხელისუფლებისთვის გამონაკლისი დაუშვა და სანქცირებული რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვის უფლება 1 წლით მისცა. სწორედ ორბანის შტატებში ვიზიტისას გადაწყდა, რომ უნგრეთი რუსულ წიაღისეულ პროდუქტებს ეტაპობრივად, ამერიკული კომპანიების დახმარებით ჩაანაცვლებდა. ამასთან, გაირკვა, რომ ქვეყანა $600 მილიონის შესყიდვებს განახორციელებდა.
ცნობისთვის, ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს. ეს კი უნგრეთს, როგორც გაერთიანების წევრს რთულ ვითარებაში აყენებს.




























