საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ეუთოში 17 ქვეყნის სახელით საქართველოზე გაკეთებული განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი მოსაზრებით, ამ განცხადებით მკაფიოდ გამოიკვეთა დასავლეთის პოზიცია, სადაც ერთ-ერთი საკითხი საქართველოს დე-ფაქტო მთავრობის არ აღიარებაა.
"დღეს, ეუთო-ში ნიდერლანდების წარმომადგენელმა 17 ქვეყნის სახელით გააკეთა განცხადება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამ განცხადებით მკაფიოდ გამოიკვეთა დასავლეთის პოზიცია:
- არ აღიარებენ საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას. მოხსენიებულია მხოლოდ “ქართული ოცნება” და საქართველო;
- პროტესტს აღიარებენ კანონიერად და მშვიდობიანად, და მოითხოვენ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
- პროტესტის საწინააღმდეგო ქმედებები შეფასებულია, როგორც ძალადობრივი რეპრესიები და პასუხისმგებლობას აკისრებენ “ქართულ ოცნებას”.
განცხადებას უერთდება: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი და შვედეთი", - წერს პაპუნა ჯანელიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს 17 ქვეყნის სახელით საქართველოზე განცხადება გაკეთდა, სადაც კატეგორიულად დაგმეს, „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლებით. საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, ეუთოს ფარგლებში გავრცელებულ განცხადებას ხელს აწერენ: ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და ნიდერლანდები.