ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის განცხადებები Fitch-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი შესახებ სიცრუეა და სინამდვილეში, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურამდე შეამცირა. მისი თქმით, მსგავსი რეიტინგი ქვეყანას 2007 წელს ჰქონდა.
"მთავრობა და ეროვნული ბანკი იტყუება, Fitch-მა რეიტინგი არ გაგვიუარესაო. სინამდვილეში, რეიტინგის პერსპექტივის მაჩვენებელი “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა.
ეს კიდევ ერთი საფეხურით გაუარესებაა. უფრო ადრე გვქონდა “პოზიტიური”, რაც “სტაბილურით” შეიცვალა ( ანუ გაუარესდა). ახლა უკვე “ნეგატიურამდე” დავეშვით. შემდგომი ნაბიჯი უკვე თავად BB რეიტინგის "BB-" - მდე დაქვეითება იქნება. მსგავსი რეიტინგი ქვეყანას 2007 წელს ჰქონდა", - აღნიშნავს გოცირიძე.
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ პერსპექტივის ნეგატიურ დონემდე შემცირება აისახება როგორც ქართული კომპანიების საკრედიტო რეიტინგზე, ასევე ინვესტორების განწყობებზე.
"სტაბილური რეიტინგის ნეგატიურით შეცვლა ნიშნავს ინვესტიციების შემცირებას, ქვეყნისთვისაც და ბიზნესისთვისაც სესხის გაძვირებას. ბიზნესს თუ მაღალი რეიტინგი აქვს (მაგ. თიბისი ან საქართველოს ბანკი), ავტომატურად დაუქვეითდება, რადგან ქვეყნის კომპანიას არ შეიძლება ჰქონდეს იმაზე მაღალი რეიტინგი, ვიდრე ქვეყანას. მაგ. თუ ქვეყნის რეიტინგი არის BB- , მაშინ რომელიმე კომპანიას ვერ ექნება BB ან BB+. ზოგადად, BB არასაინვესტიციო რეიტინგია. საინვესტიციოა BBB. ინვესტორისათვის რეიტინგი პირველია, რითაც მის რისკებს აფასებს. საერთაშორისო ბრენდები იშვიათი გამონაკლისის გარდა არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნებში არ შედიან", - განმარტავს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა გააუარესა. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.
სებ-ში კი აღნიშნავენ, რომ საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა.