მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ნიშნავს Google-ის წინააღმდეგ აშშ-ის სასამართლოს მიერ მიღებული ანტიმონოპოლიური განაჩენი?

google
სტატიაში საუბარია:

თანამედროვე ინტერნეტის ეპოქაში, ცოტა ანტიმონოპოლიური საქმე ყოფილა სილიკონის ველსა და მის მიღმა, იმხელა დაკვირვების ქვეშ, რამხელაც აშშ-ის მთავრობის მიერ Google-ის დომინანტური პოზიციის წინააღმდეგ დაწყებულმა დავამ მიიღო. ბოლო, მსგავსი მასშტაბის საქმე 1998 წელს გაიმართა: აშშ Microsoft-ის წინააღმდეგ.

თუმცა მას შემდეგ, რაც, ერთი წლის წინ Google-ს ბაზრის მონოპოლიაში დასდეს ბრალი, მოსამართლე ამიტ მეჰტამ ამ პრობლემის გადაჭრის გზათა მთელი სერია წარადგინა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ Alphabet-ის შვილობილი კომპანია "ადვილად გამოძვრა".

მაგალითად, თუ სამართალწარმოების პროცესში კომპანიის დაშლის პერსპექტივა მკვეთრად იკვეთებოდა, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, არ ეიძულებინა Google, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული, Chrome-ის ბრაუზერი გაეყიდა, როგორც ამას აშშ-ის ხელისუფლება ითხოვდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ასევე ითხოვდა, სასამართლოს Android-ის საოპერაციო სისტემისთვის მიექცია ყურადღება და დარწმუნებულიყო, რომ კომპანია თავის ეკოსისტემას არ იყენებს იმისთვის, რომ "უპირატესობა საკუთარ სერვისებს მიანიჭოს და სარეკლამო მონოპოლიაც გაიმაყაროს". მიუხედავად ამისა, Android-ის სისტემაც, ისევე როგორც Chrome, მოსამართლისგან ხელშეუხებელი დარჩა.

მარეგულირებლები კომპანიის გაყოფას კიდევ ერთხელ ეცდებიან კიდევ ერთი საქმის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის მთავრობამ Google-ის წინააღმდეგ, ამჯერად სარეკლამო ტექნოლოგიებზე გავრცელებული დომინანტური პოზიციის გამო წამოიწყო.

იუსტიციის დეპარტამენტმა Google-ის წინააღმდეგ სარჩელი 2020 წელს შეავსო, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ბევრი მომხმარებელი არ ჰყავდა. მოსამართლე მეჰტამ განაჩენში აღნიშნა, რომ გენერაციული AI-ს აღწევებამ სრულად შეცვალა კურსი, რომლითაც საქმის განხილვა მიმდინარეობდა. კერძოდ, მეჰტა წერს, რომ ახალ ტექნოლოგიაში გაცილებით მეტი ფული ჩაიდო უფრო სწრაფი ტემპით, ეს ტემპი კი მხოლოდ გაიზარდა მას შემდეგ, რაც Google ონლაინ საძიებო სისტემების მონოპოლისტად დასახელდა.

მიუხედავად იმისა, რომ Google ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა - და ხშირად AI-ით დაგენერირებულ პასუხებს საძიებო ველის თავში აჩენს - მოსამართლე მიიჩნევს, რომ ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს შეუძლიათ Google-ისთვის ისეთი ფინანსური და ტექნოლოგიური საფრთხის შექმნა, როგორიც ტრადიციულ საძიებო კომპანიებს არ შეუძლიათ. მოსამართლე აღნიშნავს, რომ მას "სწრაფად ცვალებად ბაზარზე მომავლის განჭვრეტა არ შეუძლია" და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება Google-ის მონოპოლიის საკითხს.

უოლ-სტრიტის ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, მოსამართლის გადაწყვეტილება ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის მასშტაბური გამარჯვება იყო. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ Google-სთვის დაკისრებულ ვალდებულებებს შორის არის რამდენიმე, რომლებსაც ცვლილების მოხდენა შეუძლიათ.

მაგალითად, Google-ს მოუწევს, გარკვეული მონაცემები ზოგიერთ კონკურენტს გაუზიაროს. საუბარია საძიებო ინდექსის ნაწილებზე, Google-ის ვებ-კონტენტზე, რომელიც ინტერნეტის რუკადაც შეიძლება მივიჩნიოთ;

ამასთან, მოსამართლემ კონკურენტების მიერ Google-ის საძიებო სისტემის შედეგების საკუთარ მასალებად გასაღებაც დაუშვა, რაც მათ ინოვაციისთვის მეტ დროს მისცემს;

სასამართლო განჩინებით, Google ინარჩუნებს უფლებას, კვლავ გადაუხადოს Apple-ისა და Samsung-ის მსგავს კომპანიებს, მათ ბრაუზერებსა და მოწყობილობებში Google-ის საძიებო სისტემის გამოყენებისთვის, თუმცა ექსკლუზიური კონტრაქტების გაფორმების უფლება ეზღუდება.

შესაბამისად, უპრეცედენტო დავაში, Google-მა კომპანიისთვის ყველაზე უარესი სცენარი თავიდან აირიდა, შეინარჩუნა ყველაზე პოპულარული ინტერნეტბრაუზერის ფლობის უფლება და კომპანია დაშლას გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, წინაა სასამართლო დავა ონლაინ-რეკლამების ტექნოლოგიებზე Google-ის უკანონო მონოპოლიზაციის წინააღმდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები