Alphabet-ის მფლობელობაში არსებულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა ლუქსემბურგში მდებარე საერთო სასამართლოში გაასაჩივრა ევროკავშირის ის ორი გადაწყვეტილება, რომლებიც კომპანიას მეტოქეებისთვის მონაცემებისა და სერვისების გაზიარებას ავალდებულებს.
ტექნოლოგიური გიგანტის შეფასებით, ეს მოთხოვნები კონფიდენციალურობის დაცვის სტანდარტებსა და გარანტიებს ასუსტებს და ევროპელ მომხმარებლებს შეუქცევად ზიანს მიაყენებს. ცნობისთვის, ევროპული რეგულაციებით, ამერიკულ კორპორაციას მარეგულირებლისთვის ხელოვნური ინტელექტის მოდელ Gemini-ს სერვისებზე წვდომის მიცემა ევალება.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იძულებითი წესით ინფორმაციის გაცემა Android-ის სისტემის უსაფრთხოების მექანიზმებს მნიშვნელოვნად შეასუსტებს. Google-ის კონკურენციის საკითხთა უფროსმა დირექტორმა, ოლივერ ბეთელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მომხმარებლები საძიებო სისტემას ჯანმრთელობისა და პირადი ურთიერთობების შესახებ ყველაზე მგრძნობიარე ინფორმაციას ანდობენ. ბეთელის თქმით, სათანადო ანონიმურობის გარანტიების გარეშე მესამე მხარეებისთვის მონაცემების გადაცემა მომხმარებელთა უსაფრთხოებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
























